”სტარტაპ საქართველოს” მაღალტექნოლოგიური კომპონენტის 20 გამარჯვებული გამოვლინდა

”სტარტაპ საქართველოს” მაღალტექნოლოგიური კომპონენტის 51 ფინალისტიდან 20 გამარჯვებული გამოვლინდა.

ღონისძიება ტექნო-პარკში გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

17 ივნისიდან 17 ივლისამდე მიღებული 150 განაცხადიდან 51 საუკეთესო ”სილიკონის ველის” საერთაშორისო ექსპერტებმა შეარჩიეს. ფინალისტებს დღეს სერტიფიკატები და ”სტარტაპ საქართველოს” სიმბოლოები გადაეცათ, რომელიც ტექნოპარკში დამზადდა. საბოლოოდ, გამარჯვებული 20 პროექტიდან, სლოვაკეთის ელჩმა რუდოლფ მიხალკამ 5 პროექტი შეარჩია, რომელთა ავტორებს საჩუქრად სლოვაკეთში ერთკვირიანი უფასო სტაჟირების პროგრამის სერტიფიკატები გადაეცათ.

მაღალტექნოლოგიური დარგის სტარტაპები მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა: ავიაკოსმოსური წარმოება, ავტომობილები, ხელოვნური ინტელექტი, ბიოტექნოლოგიები, ბიოინფორმატიკა, კომპიუტერული ინჟინერია, კომპიუტერული მეცნიერება, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ნანოტექნოლოგიები, ბირთვული ფიზიკა, ელექტრომაგნიტური გამოსხივება, რობოტიკა, ნახევარგამტარები და ტელეკომუნიკაცია.

პროგრამა ”სტარტაპ საქართველოს” ორივე - ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური მიმართულების პროექტებზე საბუთების მიღების მეორე ეტაპი 20 სექტემბერს დაიწყება.

”სტარტაპ საქართველოს” საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ფარგლებში, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და საპარტნიორო ფონდი ახორციელებენ. პროექტის ფარგლებში ჯამურად 720-ზე მეტი განაცხადი შევიდა. პროგრამის პირველი ეტაპისთვის სახელმწიფომ 11 მილიონი ლარი გამოყო, რომლითაც ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპები დაფიანანსდება. სამომავლოდ უფრო მეტი სტრატაპის დაფინანსების მიზნით, პროგრამის ბიუჯეტი შესაძლოა 35 მილიონი ლარამდე გაიზარდოს.

პროგრამა ქვეყანაში სამეწარმეო სულისკვეთების განვითარებას და ახალგაზრდა, დამწყები ბიზნესმენების წახალისებას ისახავს მიზნად.