წელს ყურძნის მოსავალი ოდნავ შემცირებულია

კახეთში რთველისთვის აქტიური სამზადისი დაიწყო. შარშანდელთან შედარებით, გლეხები წელს ცოტა ნაკლებ მოსავალს ელოდებიან.

თუმცა, რამდენი შეიძლება იყოს სხვაობა, წინასწარ ვარაუდი უჭირთ. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ამ მაჩვენებლებს ჯერჯერობით ვერც ღვინის ეროვნულ სააგენტოში ასახელებენ, სადაც ადასტურებენ, რომ ვენახში გაჩენილი დაავადების გამო მოსავალი მცირედით შემცირდა. როგორც უწყებაში განმარტავენ, ამ ეტაპზე ყველა პირობაა, რომ სეზონი წარმატებით ჩატარდეს.

რთველის სუბსიდირების განსახორციელებლად მთავრობამ შარშანდელი მიდგომები აბსოლუტურად შეინარჩუნა. სუბსიდია წელსაც პირდაპირ მევენახეებზე გაიცემა. მარტო კახეთის რეგიონში 150 ათას ტონამდე ყურძნის სამრეწველო გადამუშავება იგეგმება. პროდუქტს 100-მდე ქარხანა ჩაიბარებს.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ თელავში, "რთველი 2016"-ის საკოორდინაციო შტაბის გახსნისას განაცხადა, ხელისუფლების მიზანია, წლევანდელი რთველი ორგანიზებულად და შეუფერხებლად წარიმართოს და არც ერთ მევენახეს არ დარჩეს ჩაუბარებელი ყურძენი.

საკოორდინაციო შტაბის გახსნის ღონისძიებას მინისტრთან ერთად, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა მევენახეობა-მეღვინეობის დარგში არსებულ მდგომარეობასა და სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდიის გაცემის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც ოთარ დანელიამ აღნიშნა, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია როგორც მევენახეების, ასევე მეწარმეების ინტერესის გათვალისწინება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგირსტრირებულ ღვინის კომპანიებში ჩაბარებულ ყურძენზე, ფიზიკური პირები სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ შემდეგი ოდენობით: კახეთის რეგიონში 1 კგ რქაწითელისათვის - 0,45 ლარს; 1 კგ. კახური მწვანისთვის - 0,45 ლარს; 1 კგ საფერავისთვის - 0,20 ლარს; რაჭა-ლაჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში კი მუჯურეთული-ალექსანდროულისთვის სუბსიდია 2 ლარს შეადგენს.

"რთველი 2016"-ის საკოორდინაციო შტაბს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი უხელმძღვანელებს. მისი ინფორმაციით, გლეხი ჩაბარებული ყურძნის საფასურს ყურძნის ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღის შემდეგ "ლიბერთი ბანკის" ფილიალებსა და სერვის ცენტრებში მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე მიიღებს. ყურძენს, რომლის რეალიზაციასაც მევენახე ვერ შეძლებს, ჩაიბარებს სახელმწიფოს მიერ იჯარით აღებული ღვინის ქარხნები.

"ყურძენი წელსაც სრულად გადამუშავდება. მოსავლის აღებას გლეხები ხვალიდან შეუდგებიან. პირველ ეტაპზე, კრეფა დაიწყება დედოფლისწყაროსა და სიღნაღში, სადაც ყურძენი შედარებით მალე დამწიფდა. მობილიზებული ვართ მაქსიმალურად და ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი რაოდენობის ყურძენი გადაამუშაოს კერძო სექტორმა. ამავე დროს, მევენახეებს ვეხმარებით კომუნიკაციებში, სადაც კი ამის საჭიროებაა.

თუ დარჩა ყურძენი, რომელსაც კერძო სექტორი ვერ ჩაიბარებს, ჩვენ გავუწევთ კოორდინაციას, რომ შემდეგში სახელმწიფოს მიერ დაქირავებულ ქარხნებში დაიწუროს. მევენახე თავად გადაწყვეტს რომელ ღვინის ქარხანაში ჩააბაროს ყურძენი და თავად აწარმოებს მოლაპარაკებებს ყურძნის შემსყიდველთან ჩასაბარებელი ყურძნის ფასზე, გადახდის პირობებსა და ვადებზე. სახელმწიფო არ ერევა ორ კერძო სუბიექტს შორის ურთიერთობებში, სახელმწიფო არ ერევა არც ფასების რეგულაციაში - ყურძნის ღირებულებას არეგულირებს ბაზარი", - აცხადებს სამანიშვილი და დასძენს, რომ ხარისხობრივად მოსავალი კარგია, თუმცა რაოდენობაში კლებაა.

"წელს ყურძენს დაავადება "ჭრაქი" გაუჩნდა. ამან ცოტათი შეამცირა მოსავალი, მაგრამ უმეტეს ადგილებში გადარჩა და ხარისხი ნორმალურია. არ მსმენია, ვინმეს ამასთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონოდა. მით უმეტეს, მევენახეებს თითქმის ყოველდღიურად ვხვდებით და მათ პრობლემას ვისმენთ. სეზონის წინ ხალხი ნერვიულობს და ეს ბუნებრივი მდგომარეობაა, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გვერდით დავუდგეთ და მოსავლის ჩაბარება გავუმარტივოთ, რომ გლეხი და მეწარმეც კმაყოფილი დარჩეს", - დასძენს გიორგი სამანიშვილი.

შტაბის ხელმძღვანელის განცხადებით, გასული წლის მსგავსად, "რთველი 2016"-ის საკოორდინაციო შტაბი თელავში, სასტუმრო "ალაზნის ველში" განთავსდება და სახელმწიფო უწყებებს, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის აქტიური კომუნიკაციის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.

სუბსიდირების გამოყენებამ გლეხები იმედიანად განაწყო. მათი უმრავლესობა კმაყოფილია და ამბობს, რომ მთავრობის მიერ გაწეული დახმარებით მოსავლის რეალიზაცია არ გაუჭირდებათ.

წინანდლელი ფერმერის ოთარ ბერძენიშვილის თქმით, მოსახლეობა მეტი მოგების მიღებითაა მოტივირებული.

"უკმაყოფილო ვერ ვიქნები; ჩემი მხრიდან ეს დიდი უმადურობა იქნება. 5 თეთრითაც რომ დაგვეხმარონ, მთავრობის საჩუქარია და უნდა დავაფასოთ. მით უმეტეს, სუბსიდია 45 თეთრია, რაც ცოტა ნამდვილად არ არის. გაზაფხულზე მთავრობა მიწის მოხვნით სამუშაოებზეც დაგვეხმარა. მხარდაჭერის გარეშე, ალბათ, გაგვიჭირდებოდა. ხალხსაც მეტი მოტივაცია აქვს, რომ მეტი და მეტი მოსავალი მოიწიოს. მართალია, შარშანდელთან შედარებით, წელს "რქაწითელი" ცოტა ნაკლებია, მაგრამ არც ეს არის პრობლემა, თუ ყურძნის ჩაბარება გაგვიმარტივდება", - ამბობს ბერძენიშვილი.

ქიზიყელი ფერმერი გია ქადაგიშვილი ამბობს, რომ სუბსიდია მნიშვნელოვან შეღავათს მისცემს. მისი თქმით, ვენახი სეტყვამ დააზიანა და სუბსიდიის საშუალებით დანაკარგის ანაზღაურებას შეძლებს.

"სპეციალურ კომისიას ზარალი დადგენილი აქვს. სიებიც გააკეთეს, დახმარებას ველოდი, მაგრამ სუბსიდიის თანხის ზრდაზე წარმოდგენაც არ მქონდა. ცხადია, კმაყოფილი ვარ, მთავრობის მხრიდან ეს დიდი სტიმულია და ვერ დავუკარგავთ. დაზღვევით არ ვსარგებლობ, ამიტომ თითქმის არაფრის იმედი არ მქონდა. სუბსიდიასთან დაკავშირებით ბოლომდე არ ვარ ინფორმირებული, დეტალებს გავარკვევ. ქიზიყში სეტყვამ ძალიან დაგვაზარალა, შარშან 10 ტონა მოსავალი მოვიწიე, მაგრამ წელს ვიზარალე, ვფიქრობ, 30%-ით ნაკლებ ყურძენს მივიღებ. სუბსიდიის შემთხვევაში, დანაკარგის ნახევარზე მეტი ამინაზღაურდება, რაც კარგი შეღავათია", - ამბობს ქადაგიშვილი.

სეტყვისგან კარდენახში ყურძენი არ განადგურებულა, სოფელში დანაკარგი თითქმის არ აქვთ. გლეხების მთელი გულისყური წლევანდელ მოსავალზეა, რომ შეუფერხებლად შეძლონ ყურძნის ჩაბარება.

"ორ-სამ დღეში ყურძნის კრეფას დავიწყებთ. წელს სეტყვას გადავურჩით და კარგი მოსავალი გვაქვს. მართალია, "რქაწითელმა" იკლო, მაგრამ სამაგიეროდ, "საფერავი" ცოტა მეტიც არის, ვიდრე შარშან იყო. სუბსიდიამ ძალიან წაგვახალისა. იმის გამო, რომ ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემებია, სუბსიდიის თანხის ზრდას ნაკლებად ველოდი. 10 თეთრით სხვაობა შეღავათი ნამდვილად არის. ვიმედოვნებთ, რომ რთველის პროცესი ნორმალურად ჩაივლის. სუბსიდირებითა და სახელმწიფოს სხვა პროგრამით ადრეც ვსარგებლობდი. ეს, ალბათ, ცოტათი მაინც შეცვლის მდგომარეობას", - ამბობს ამირან მეურმიშვილი, კარდენახის მკვიდრი.

მთავრობის მხარდაჭერით წელს კერძო სექტორიც ისარგებლებს. სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიას განცხადებით, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიებისათვის გაგრძელდება შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში სესხების გაცემა საბრუნავი საშუალებების მიზნობრიობით. კერძოდ, ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოებისათვის ფერმერებისაგან ყურძნის შეძენის მიზნით, შეღავათიანი აგროკრედიტის მაქსიმალური მოცულობა განისაზღვრა 10 მლნ ლარით, არაუმეტეს 15 თვის ვადით. ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის, რომლებიც ყურძენს შეისყიდიან საბრენდე სპირტის წარმოების მიზნით, გაიცემა შეღავათიანი აგროკრედიტი არაუმეტეს 15 მლნ ლარის ოდენობით. სესხის მაქსიმალური ვადა განისაზღვრა 3 წლის ვადით.

2015 წელს რთველის სუბსიდირების პროგრამა სახელმიფოს როგორც მინიმუმ 30 მილიონი ლარი დაუჯდა. გადამუშავდა 143 ათასი ტონა ყურძენი, მევენახეების შემოსავალმა 102 მილიონზე მეტი ლარი შეადგინა. კახეთში გადამუშავდა 141,6 ათასი ტონა ყურძენი, მევენახეების შემოსავალმა 100 მილიონ ლარს მიაღწია. რაჭა-ლეჩხუმში გადამუშავდა 1500 ტონა ყურძენი, ხოლო მევენახეების შემოსავალმა 6,6 მილიონი ლარი შეადგინა. ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართული იყო 130-ზე მეტი ღვინის კომპანია, მათ შორის 20 სახელმწიფოს მიერ იყო დაქირავებული.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"