აჭარაში ხარისხის ნიშნის მქონე ტურისტული ობიექტების რიცხვი გაიზარდა

აჭარაში ხარისხის ნიშნის მქონე ტურისტული ობიექტების რიცხვი გაიზარდა.

როგორც  აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში განაცხადეს, ხარისხის ნიშანი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ 12 ობიექტს გადაეცა, თუმცა ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებას პროექტის ფარგლებში 29 ობიექტი ცდილობდა. ხარისხის ნიშანი სტუმრებისთვის აღნიშნულ ობიექტებში უსაფრთხოების, სანდასუფთავების, ჰიგიენისა და მომსახურების მინიმალური სტანდარტების გარანტიას გულისხმობს.

„რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ არის ინოვაციური პროექტი. ის გაზაფხულზე დაიწყო და პირველ ეტაპზე, ხარისხის ნიშანი 18-მა, ხოლო მეორე ეტაპზე 16-მა სასტუმრომ და რესტორანმა მიიღო. ახლა კი მათი რიცხვი 46-მდე გაიზარდა. პროექტის ფარგლებში ობიექტებში უსაფრთხოების, სანდასუფთავების, ჰიგიენისა და მომსახურების მინიმალური სტანდარტები და საერთაშორისო კრიტერიუმებთან შესაბამისობა მოწმდება. კრიტერიუმები მსოფლიოში აღიარებულ HotRec, Hot Star union 21 პრინციპს ემყარება. ინფორმაცია რეკომენდებული ობიექტების შესახებ დეპარტამენტის ვებ-გვერდზე - Recommend.ge - არის განთავსებული და ვიზიტორებს ეხმარება, თავად შეარჩიონ სასურველი ხარისხის ტურისტული მომსახურება და ობიექტი.

პროექტი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ გრძელდება და მასში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მსურველებმა საიტზე recommend.ge ონლაინ რეჟიმში უნდა შეავსონ განაცხადების ფორმა ან უკვე შევსებული აპლიკაციები მოიტანონ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.