2016 წლის იანვარ-ივლისის მონაცემების მიხედვით, საქართველოდან კანადაში 1.5 ტონა დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული ოქროს ექსპორტი განხორციელდა.
საქსტატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული სასაქონლე ჯგუფის ექსპორტის თანხობრივმა მაჩვენებელმა 32 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც დაახლოებით 1 მილიონი აშშ დოლარით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.
გასული წლის ანალოგიური მონაცემების მიხედვით, საქართველოდან კანადაში 1.6 ტონა დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული ოქრო ექსპორტირდა. აღნიშნული სასაქონლე ჯგუფის ექსპორტის თანხობრივმა მაჩვენებელმა კი, დაახლოებით, 33 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
2016 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით, გაზრდილია საქართველოდან კანადაში ექსპორტირებული ერთ-ერთი უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფის - ფეროშენადნობების მოცულობა. 2015 წლის იანვარ-ივლისის მონაცემების მიხედვით ექსპორტირებული ფეროშენადნობების ოდენობამ, დაახლოებით 6 ათასი ტონა შეადგინა. აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის საექსპორტო ღირებულება კი, დაახლოებით, 6 მლნ აშშ დოლარი იყო. 2016 წლის ანალოგიური მონაცემების მიხედვით, საქართველოდან კანადაში 10 300 ტონა ფეროშენადნობები ექსპორტირდა, რომლის თანხობრივმა მაჩვენებელმა 7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება საქართველოდან კანადაში ექსპორტირებულ თხილს, მონაცემები ასე გამოიყურება: 2016 წლის იანვარ-ივლისში კანადაში 70 ტონა თხილი ექსპორტირდა, რომლის თანხობრივმა მაჩვენებელმა 530 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.
2016 წლის იანვარ-ივლისის მონაცემების მიხედვით, საქართველოდან კანადაში ექსპორტირებულ უმსხვილეს სასაქონლე ჯგუფებს შორის მეოთხე ადგილს ყურძნის ნატურალური ღვინოები იკავებს. 2016 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან კანადაში 64 ტონა ყურძნის ნატურალური ღვინოები გავიდა, რომლის თანხობრივმა მაჩვენებელმა 273 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. მაშინ, როდესაც გასული წლის ანალოგიური მონაცემების მიხედვით, აღნიშნული სასაქონლე ჯგუფის ექსპორტმა 88 ტონა და, შესაბამისად, 562 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.