მოსკოვის ყოფილი მერის მეუღლე რუსეთის ყველაზე მდიდარი ქალბატონია

მოსკოვის ყოფილი მერის იური ლუჟკოვის მეუღლე ელენა ბატურინა რუსეთის ყველაზე მდიდარ ქალბატონად ზედიზედ მეორედ დასახელდა.

„ფორბსის“ რუსული გამოცემის ვერსიით, რუსეთის ყველაზე მდიდარი ქალების რეიტინგში პირველი ადგილი კომპანია Inteco Management-ის პრეზიდენტმა ელენა ბატურინამ დაიკავა.

ლუჟკოვის მეუღლის ქონება 1,1 მილიარდ დოლარად ფასდება.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბატურინა 100 მილიონი აშშ დოლარით გამდიდრდა.

რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა რუსი ბიზნესმენის, დიმიტრი რიბოლოვლოვის მეუღლე ელენა რიბოლოვლოვამ, რომლის ქონებაც 600 მილიონი დოლარია.

მესამე ადგილზე კი 50 მილიონი დოლარის ქონებით ინტერნეტ-მაღაზია Wildberries-ის გენერალური დირექტორი ტატიანა ბაკალჩუკია.

რუსეთის ყველაზე მდიდარი ქალების ათეულში ასევე  აღმოჩნდნენ რომან აბრამოვიჩის ყოფილი მეუღლე ირინა და რუსი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა.