”ცარიელი ხელებით” დაწყებული ბიზნესი და წარმატების ფორმულა მსახიობ ბახვა ბრეგვაძისგან

მატერიალური რესურსების, საწყისი კაპიტალის გარეშე დაწყებული ბიზნესი და უამრავი უცხოელისთვის საქართველოს შესახებ მიწოდებული მრვალფეროვანი ინფორმაცია - ეს არის ჟურნალი Georgia to see, რომელიც 2015 წლის აგვისტოში დაარსდა და დღეს უკვე საქართველოს ფარგლებს გარეთ ცდილობს ტურისტებისთვის საქართველოს გაცნობას და ჩვენს ქვეყანაში მოპატიჟებას.

”ფაქტობრივად, უფულოდ, ყველანაირი სახსრების გარეშე დავსხედით, მოვიფიქრეთ იდეა. კომპანიები კი ბრმად გვენდნენ, წამოვიდნენ თანამშრომლობაზე და გავაკეთეთ ჩვენი ბიზნესი, რომელსაც დღემდე ვავითარებთ და ვხვეწთ. როდესაც ამ ჟურნალზე ვმუშაობთ, ჩვენში პატრიოტული მოტივები იღვიძებს. ვთვლით, რომ ქვეყნისთვის სასარგებლო საქმეს ვაკეთებთ, რაც უფრო მეტი პასუხისმგებლობით გვავსებს”, - ამბობს ჟურნალის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მსახიობი ბახვა ბრეგვაძე და ”ბიზნესპრესნიუსს” ჟურნალის, Georgia to see დაარსების ისტორიას უყვება:

პირველი ნაბიჯები:

”გვინდოდა შეგვექმნა პროდუქტი, რომელიც ბაზარზე არ იყო. გამოიკვეთა, რომ საქართველოში არ არსებობდა ჟურნალის არც ბეჭდური და არც ონლაინ ვერსია, რომელიც ტურისტებს მეგზურობას გაუწევდა. როდესაც ჩვენი სტუმრები ან პარტნიორები საქართველოში ჩამოდიოდნენ, სულ ეს პრობლემა ჰქონდათ - არ იცოდნენ რა უნდა ენახათ, როგორ. ჩვენ ხელით ვუწერდით ყველაფერს, რუკას ვუმზადებდით. ამ ჟურნალით ჩვენც გავიმარტივეთ საქმე და მათაც გავუმარტივეთ: გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა ინგლისურენოვანი ჟურნალი, რომელშიც მათთვის ყველა სასარგებლო ინფორმაცია იქნებოდა თავმოყრილი და ჟურნალს ვებ-გვერდიც დავურთეთ.

ასე შეიქმნა Georgia to see ერთი წლის წინ. ჟურნალის დამფუძნებლები ვართ ქეთევან ლომიძე და მე. რედაქტორი ნესტან (ნენე) კვინიკაძეა. ჟურნალის მიზანია წარმოაჩინოს საქართველო, როგორც ტურისტულად მომხიბვლელი, თანამედროვე ქვეყანა, თავისი მდიდარი კულტურით და წარსულით. გვინდა ხელი შევუწყოთ საქართველოს, როგორც სასურველი სამოგზაურო დანიშნულების მქონე ადგილის პოპულარიზაციას.

Georgia to see: პერიოდულობა, ტირაჟი, რუბრიკები:

ჟურნალი სამ თვეში ერთხელ გამოდის. ის ტურისტული გიდის ფუნქციას ასრულებს. გათვლილია, რომ გამოცემაში თავმოყრილი იყოს ნებისმიერი ასაკის ტურისტისთვის საჭირო ინფორმაცია. აქ არის ინფორმაცია ყველაფერზე - რესტორნები, კაფეები, მუზეუმები, მოსალოდნელი ღონისძიებები და ა.შ. ტირაჟი - 10 დან 15 ათასამდე აღწევს. გააჩნია სეზონურობას და ტურისტების სიმრავლეს. 10 ათასი მინიმალური ტირაჟია, რეალიზაცია ხდება სასტუმროებში, რესტორნებში, კაფეებში, თეატრებში, მუზეუმებში, აეროპორტებში, კლუბებში - ყველგან, სადაც შეიძლება მოხვდეს ტურისტი. რაც მთავარია, ჟურნალის აღება ტურისტს უფასოდ შეუძლია.

ჩვენს პროდუქტს საქართველოს ფარგლებს გარეთაც ეცნობიან. სხვადასხვა ქალაქში: უკრაინაში, ამერიკაში, ლონდონში გადის Georgia to see და დევს ქართულ რესტორნებსა თუ სხვა დაწესებულებებში. ჟურნალი უცხოელებთან პირადი კონტაქტებითაც ვრცელდება.

ჟურნალს რეკლამა ინახავს. პირველივე ნომერი რეკლამით გამოვეცით. დაახლოებით 10-15-მა კომპანიამ რეკლამა ჯერ არარსებულ ჟურნალში ჩადო და გვენდო. მათ ჩვენს ჟურნალში ყოველთვის სპეციალური პირობები ექნებათ, პრივილეგირებულები არიან ჩვენი მხრიდან, რადგან ბრმად გვენდნენ მაშინ, როცა ჩვენ მხოლოდ იდეა გვქონდა.

ჩვენ აქცენტს ადამიანებზე ვაკეთებთ. უცხოელებს ვაცნობთ ქართველ წარმატებულ როგორც თანამედროვე, ასევე ისტორიულ ადამიანებს. ბევრი საამაყო ქართველი გვყავს, რომლის შესახებაც უცხოელმა უნდა იცოდეს. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი რუბრიკაა 5 ადგილი, რომლების შესახებაც ქართველი წარმატებული, შემოქმედი ინდივიდები გვაწვდიან ინფორმაციას. რა მოსწონთ მათ, რა შეიძლება ნახოს ამ ადგილებში ტურისტმა - ამ ადამიანების ჩამონათვალში ზოგჯერ ისეთი ორიგინალური ინფორმაციაა, რომლის შესახებ მე, ქართველმაც კი არ ვიცი. გვაქვს რუბრიკა, რომელიც კულინარიას უკავშირდება. გასტრონომიულ ტურიზმს მსოფლიოში დიდი მნიშვნელობა ენიჭება და საქართველო ამ კუთხით ერთ-ერთი ეპიცენტრია. ტურისტებს ასევე ვთავაზობთ საჭირო, მოკლე ინფორმაციებს. მაგალითად, ტაქსის ტარიფების შესახებ, რათა მოტყუებულები არ აღმოჩნდნენ”.

წარმატების ფორმულა: ”გუნდურობა ჩვენი ჟურნალის წარმატების მთავარი მიზეზია. არაჩვეულებრივი გუნდი მუშაობს როგორც სარედაქციო, ასევე გაყიდვების მიმართულებით. ერთობლივი მუშაობის გარეშე ეს ყველაფერი არ გამოგვივიდოდა. ყველა კარგად აკეთებს თავის საქმეს. ორიგინალური, საინტერესო ფორმით შეიფუთა ჩვენი ცხოვრება. კარგია ხინკალი და ქართული სუფრა, მაგრამ ამას გარდა ბევრი საინტერესო რამ ხდება საქართველოში, ბევრი ლამაზი ადგილი არსებობს.

სირთულეები ყოველთვის არის, მაგრამ ვცდილობთ, დავძლიოთ ისინი და განვვითარდეთ. ჟურნალზე მუშაობა დიდ დროს მოითხოვს, მაგრამ ყველა კარგად აკეთებს თავის საქმეს. ჩვენს თანამშრომლებს ბრმად ვენდობით. მე მსახიობიც ვარ, მაგრამ ამ საქმეების შეთავსებას ვახერხებ, რადგან გუნდში ყველას კარგად გვაქვს გადანაწილებული საქმე. თუ გინდა პროდუქტი ხარისხიანი იყოს და ისეთი, რომ პირველ რიგში, შენ თვითონ მოგეწონოს, ამ ყველაფერში ბოლომდე უნდა იყო ჩართული.

#გააზიარეწარმატება, #წარმატებაგადამდებია:

”ძალიან მომწონს თიბისი ბანკისა და ჯეოსელის ერთობლივი პროექტის, ბიზნესდაჯილოების იდეა. მე პირადად ბევრი საინტერესო ბიზნესის შესახებ გავიგე ამ პროექტის ფარგლებში. სასიამოვნო მოულოდნელობა იყო საქართველოში ამდენი ბინზესის არსებობა. როდესაც გადაირჩევა ეს ბიზნესები და მათი ხელშეწყობა მოხდება, ეს ყველასთვის დიდი გამარჯვება იქნება. ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ წელს ტურისტულ ბიზნესში ბევრი რამ გავაკეთეთ. თიბისი ბანკი პროექტში გამარჯვების შემთხვევაში, გპირდებით, სასიამოვნოდ გაგაოცებთ.”

სამომავლო გეგმები:

”დიდი სურვილი გვაქვს ჩვენი ბიზნესი კიდევ უფრო განვავითაროთ. მაგალითად, გვინდა შევქმნათ აპლიკაცია ტელეფონებისთვის, რომელიც გიდობას გაუწევს ტურისტებს. იქაც თავმოყრილი იქნება ჩვენი ინფორმაცია. კიდევ ბევრი გეგმა გვაქვს, რომელსაც ამჯერად არ გავამხელ.”