საგამოძიებო სამსახურმა ყავის ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, დიდი რაოდენობით ყავის ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინა.

როგორც "ბიზნესპრესნიუსს" საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგენილია, რომ შპს ,,რიჩის“ ხელმძღვანელები, ქალაქ თბილისში მდებარე ერთ-ერთ ქარხანაში, ყავის მარცვლის დაფქვის შედეგად მიღებულ მასას, მეტი სარგებლის მიღების მიზნით და ყავის მოცულობის და წონის გასაზრდელად, ურევდნენ ამავე ქარხანაში, მათ მიერ დაფქვილ ბარდას ფხვიერ მასას.

„აღნიშნულის შემდეგ აფასოებდენ 100 გრამიან, 500 გრამიან და სხვა, უფრო დიდი ზომის პოლიეთილენის ქილებში და მათ რეალიზაციას მოტყუებით, თითქოს და მათი წარმოებული პროდუქტი იყო 100%-ით ნატურალური ყავა, ახდენდნენ თბილისისა და რეგიონების მასშტაბით, სხვადასხვა მაღაზიებსა და ფიზიკურ პირებზე“, - აცხადებენ სამსახურში.

მათივე თქმით, აღნიშნული ფალსიფიცირებული ყავის რეალიზაცია ასევე ხდებოდა დაფასოების გარეშე, წონით, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში. საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დიდი რაოდენობით უვარგისი ყავა და ბარდას მარცვლები. ასევე ამოღებულია დაფასოებისათვის საჭირო პოლიეთილენის ქილები და ეტიკეტები.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.