ნასამ "მარსზე ცხოვრების" ერთწლიანი ექსპერიმენტი დაასრულა

ნასამ „მარსზე ცხოვრების“ ექსპერიმენტი დაასრულა.

ექსპერიმენტის ხანგრძლივობა ერთ წელს შეადგენდა. აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ ექსპერიმენტის ადგილად ჰავაის კუნძულები შეარჩია. სიმულაციაში მონაწილეობა ექვსმა ადამიანმა მიიღო და ისინი იმ პირობებში ცხოვრობდნენ, რაც მარსზე წასულ ასტრონავტებს აქვს.

„ბიბისი“-ს ინფორმაციით, ექსპერიმენტი 2015 წლის 29 აგვისტოს დაიწყო. ფრანგი ასტრობიოლოგი, გერმანელი ფიზიკოსი და ოთხი ამერიკელი მფრინავი, არქიტექტორი, ჟურნალისტი და აგრონომი, ძალიან მცირე ფართობის მქონე ნაგებობაში ცხოვრობდნენ, ისე რომ არც ერთ მათგანს პირადი სივრცე არ ჰქონდა.

სუფთა ჰაერსა და ახალ საჭმელს მოკლებული მკვლევარები ძირითადად, კონსერვებით იკვებებოდნენ, გარეთ გასვლა კი მხოლოდ სპეციალური აღჭურვილობის მეშვეობით შეეძლოთ. ექსპერიმენტის მთავარი მიზანი იმის გაგება იყო, რას გრძნობს ადამიანი მსგავს პირობებში.

სიმულაცია ჰავაის უნივერსიტეტმა ნასა-ს მხარდაჭერით ჩაატარა. ორგანიზატორების განმარტებით, ექსპერიმენტის მონაწილეები თავს კარგად გრძნობენ, თუმცა ახალმომზადებული კერძების გასინჯვა და ოკეანეში ბანაობა სურთ.

ნასა-ს მიერ ჩატარებული სიმულაცია ხანგრძლივობით მეორეა. მსგავსი ექსპერიმენტი პირველად რუსეთში ჩაატარეს, რომელიც 520 დღის განმავლობაში გრძელდებოდა.