სადახლოში, ქორწილში 200-მდე ადამიანი მოიწამლა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში, ქორწილში მოწამლულთა რაოდენობა 200-მდე გაიზარდა.

ბოლო ინფორმაციით, საავადმყოფოში ინტოქსიკაციის ნიშნებით კიდევ 50-მდე პირი გადაიყვანეს.

მოწამლულებიდან 28 მცირეწლოვანი ბავშვია, მათგან 21 ამ დრომდე საავადმყოფოებში რჩება. მოწამლულები მარნეულის ორ, ასევე რუსთავის, ბოლნისისა და თბილისის კლინიკებში არიან გადანაწილებულები.

ამ დროისთვის პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

წუხელ გვიან ღამით მოწამლულები მარნეულში პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ჯანდაცვის მინისტრმა და ქვემო ქართლის გუბერნატორმა მოინახულეს.

წინასწარი ინფორმაციით, სადახლოში ქორწილში მყოფი მოქალაქეები ხორცით ან გამაგრილებელი სასმელით მოიწამლნენ.