შეცდომა თუ ეროვნული ვალუტის დაცვა?!

22 აგვისტოს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 მლნ დოლარი შეიძინა, 25 აგვისტოს კი იგივე აუქციონზე ეს 20 მლნ დოლარი ისევ გაყიდა.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, სებ-ის მიერ 3 დღის ინტერვალში ბაზრისთვის ვალუტის ჯერ "გამოცლამ", შემდეგ კი ისევ მიწოდებამ ექსპერტულ წრეებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. იმის გამო, რომ სებ-ი აღნიშნულ საკითხზე დეტალურ განმარტებას არ აკეთებს და მხოლოდ ზოგადი კომენტარით შემოიფარგლება, რთულია იმის თქმა, თუ რა იყო სავალუტო აუქციონების გამართვის რეალური მიზეზი. სპეციალისტების თქმით, შესაძლოა, ეს იყო შეცდომა, ან სულაც ამ ქმედებით სებ-მა ეროვნული ვალუტა მკვეთრი რყევისგან დაიცვა.

რა იყო სავალუტო აუქციონების ჩატარების მიზეზი, ამასთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკში ზოგადი კომენტარით შემოიფარგლნენ. როგორც სებ-ში აცხადებენ, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის სტრატეგია, მათ შორის სავალუტო პოლიტიკის ნაწილში, 2013 წლიდან განთავსებულია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.

"როგორც სტრატეგიაშია აღნიშნული, ეროვნული ბანკის ინტერვენციების ერთ-ერთი მიზანი ჭარბი მერყეობების შემცირებაა. შესაბამისად, როდესაც ცალკეული მსხვილი ნაკადები პოტენციურად იწვევენ კურსის გადაჭარბებულ მერყეობას, და თუ ფუნდამენტური ფაქტორები იძლევა ამის შესაძლებლობას, ეროვნული ბანკი ინტერვენციებით ცდილობს მის შერბილებას. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა გასული კვირის სავალუტო ინტერვენციები. მსგავსი ჩარევები ეროვნულ ბანკს ადრეც განუხორციელებია", - განუცხადეს "ბიზნეს-რეზონანსს" საქართველოს ეროვნულ ბანკში.

22 აგვისტოს ეროვნულმა ბანკმა მორიგი სავალუტო აუქციონი ჩაატარა და ბაზრიდან 20 მილიონი დოლარი ამოიღო. იმ დღეს საშუალო შეწონილმა კურსმა 2,2802 ლარი შეადგინა. 25 აგვისტოს კიდევ ერთი სავალუტო აუქციონი გაიმართა და ეროვნულმა ბანკმა ახლა უკვე ბაზარს 20 მილიონი დოლარი მიაწოდა. მაშინ დოლარის მიმართ საშუალო შეწონილმა კურსმა 2,2829 ლარი შეადგინა. საერთო ჯამში გამოვიდა, რომ 17 მარტიდან 22 აგვისტოს ჩათვლით ეროვნულმა ბანკმა ბაზარს 268 350 000 დოლარი "გამოაცალა", თუმცა დაბრუნების შემდეგ, ეს თანხა ისევ 9 ივნისის მაჩვენებელს 248 350 000 დოლარს დაუბრუნდა.

სებ-ის მიერ ზედიზედ ორი სავალუტო აუქციონის ჩატარებას სპეციალისტთა ნაწილი დადებითად აფასებს და არ გამორიცხავს, რომ ეს კურსის სტაბილურობისთვის გაკეთდა. თუმცა იმის გამო, რომ ეროვნულ ბანკში დეტალური განმარტება არ კეთდება, არსებობს გარკვეული ეჭვიც, რომ ეს იყო შეცდომა.

ანალიტიკოსი დავით ასლანიშვილი სებ-ის მიერ სამი დღის ინტერვალით 2-ჯერ სავალუტო აუქციონის ჩატარებას "არაორდინალურს" უწოდებს. მისი თქმით, ერთ დღეს 20 მილიონი დოლარის შეძენა და მესამე დღეს ამ ფულის ისევ გაყიდვა სავალუტო აუქციონზე, ცოტა გაუგებარი იყო. ცუდია, რომ ეროვნული ბანკი არ აკონკრეტებს, თუ რატომ იყიდა და მერე გაყიდა დოლარი, ამიტომ ზუსტ მიზეზებზე საუბარი ცოტა რთულია, თანაც, იმ დროს, როცა ყიდვა-გაყიდვას რაიმე ფინანსური ეფექტი არ ჰქონია.

"აქ შეიძლება 2 მიზეზი გამოვყოთ. პირველი - შეიძლება ეს იყო შეცდომა. "ბლუმბერგის" სისტემაში ვაჭრობა არ არის გამჭვირვალე, არის დახურული, ანუ ფართო საზოგადოებამ არ ვიცით, რა ხდება რეალურად. სავარაუდოდ, ერთი ბანკის კლიენტმა დაავალა დოლარის გაყიდვა, მეორე მხარე, ანუ მეორე კომერციული ბანკი კი ამას მომზადებული არ დახვდა, რამაც შექმნა ისეთი სიტუაცია, რომ დოლარი იყო გამზადებული, ხოლო მისი მყიდველის 2-დღიანი შეყოვნება მოხდა. ამ სიტუაციის პერიპეტიები იცოდა სებ-მა და რომ არ მომხდარიყო რაიმე არაგეგმაზომიერი გამყარება, თვითონ შეიძინა ეს დოლარი დროებით. 2 დღის შემდეგ, რაც სიტუაცია აღმოიფხვრა, გამოსწორდა ტექნიკური პრობლემები მეორე მხრიდან, შემდეგ აიღო ეს ფული და გაყიდა ისევ 20 მილიონი დოლარი", - განუცხადა "ბიზნეს რეზონანსს" ასლანიშვილმა.

თუმცა მისივე თქმით, არსებობს მეორე ვერსია, კერძოდ, თუ ეს არ იყო შეცდომა, მაშინ იყო საკმაოდ კარგი გზავნილი: "ეროვნული ბანკი რამდენიმე თვეა დოლარს საერთოდ არ ყიდის, ის დაკავებულია მხოლოდ და მხოლოდ დოლარის შეძენით. შესაბამისად, ლარის მასას ზრდის, მ2 პარამეტრმა უკვე რეკორდულ მაჩვენებელს - 6,2 მლრდ-ს მიაღწია. ეკონომიკის ზრდა ისეთი არ გვაქვს და რატომ ზრდის ლარის მასას, ვერ ვხვდები.

მაგრამ იმან, რომ სებ-მა 20 მლნ დოლარი გაყიდა კურსით 2,28-ით, ამან გარკვეულწილად ბაზარი გამოაცოცხლა, გზავნილი იყო, რომ ალბათ, ეს კურსი 2,28-2,30 მისაღებია და შესაძლებელია, ეროვნულმა ბანკმა წაიბრძოლოს კიდევ ლარის კურსის სტაბილიზაციისთვის. შეიძლება ამ აუქციონის გზავნილიც ეს იყო. სხვა ვერსია ამ ორი ვარიანტის გარდა არ არსებობს. წინასაარჩევნოდ ბაზრის დახმარებით ალბათ - სებ-ი ცდილობს მთავრობასთან ერთად ლარის კურსის მართვაში გარკვეული სტაბილიზაციის ნიშნები შეიტანოს. არაა გამორიცხული, ამით შეინარჩუნოს ეს კურსი ან გამყარებისკენ გადადგას გარკვეული ნაბიჯები იმ ინსტრუმენტების გამოყენებით, რაც მას გააჩნია", - დასძინა ასლანიშვილმა.

საბანკო სფეროს სპეციალისტი ლია ელიავა თვლის, რომ სავალუტო აუქციონები ისეთი ქვეყნის ეკონომიკისთვის, როგორც საქართველოა, აუცილებელია რომ ტარდებოდეს: "სებ-ი ჩვეულებრივ ყიდულობს უცხოურ ვალუტას, მაშინ, როდესაც თვლის, რომ კომერციულ ბანკებს ის ჭარბად აქვთ. ხოლო ყიდის იმიტომ, რომ ბანკებს უცებ წარმოეშვათ მოთხოვნილება უცხოურ ვალუტაში.

"ამ ორი აუქციონით სებ-მა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თავიდან აეცილებინა ლარის გაცვლითი კურსის მკვეთრი მერყეობა. ეროვნულ ბანკს თავის საქმიანობაში ეს პრაქტიკა ყოველთვის ჰქონდა, მართავდა ლარის კურსს. თუ ასე გააგრძელა სებ-მა მართვა, ლარის კურსი შედარებით დასტაბილურდება. თუ ისევ ისე აიღო ხელი, როგორც 2015-ში და 2016 წლის დასაწყისში, მაშინ ყოველთვის გვექნება ვალუტის მკვეთრი რყევები. ამიტომ, ეს ნამდვილად კარგი ნაბიჯი იყო, ლარის კურსი უნდა იმართებოდეს იმიტომ, რომ ჩვენი ეკონომიკა არ არის მზად მცურავი გაცვლითი კურსისთვის", - დასძინა ელიავამ.

ახალი ეკონომიკური სკოლის ხელმძღვანელი პაატა შეშელიძეც თვლის, რომ ეროვნული ბანკის მიერ 2 სავალუტო აუქციონი კურსის სტაბილურობისთვის გაიმართა: "თუ ამ აუქციონების შედეგი არის ის, რომ ჩვენ გვაქვს თითქმის იგივე კურსი, მაშინ ეს არის ნორმალური. ეროვნულ ბანკს სტაბილურობის მისაღწევად დასჭირდა ერთ დღეს ყიდვა, მეორე დღეს კი გაყიდვა, ამაში კრიმინალი არ უნდა ვეძებოთ. ეს არის ნორმალური მოვლენა და გამორიცხული არ არის, რომ კურსის შენარჩუნების ინტერესიდან გამომდინარე გაკეთდა", - დასძინა შეშელიძემ.

ელზა წიკლაური

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"