დიდუბეში სკვერების რეაბილიტაციისთვის 170 000 ლარი დაიხარჯა

დიდუბის რაიონში 12 მოსასვენებელ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

მერიის ცნობით, გამგეობის თანამშრომლებმა დაზიანებულ სკვერებში აღრიცხეს არსებული დაზიანებები, ამის შემდგომ კი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სკვერების რეაბილიტაცია განახორციელა.

უწყების პრესსამსახურის განმარტებით, სკვერებში მოეწყო ბორდიურები და დეკორატიული ფილები, დაიდგა საპარკე სკამები და ურნები, ტერიტორიები შემოიღობა ლითონის დეკორატიული ღობით, პატარებისთვის კი დაიდგა სათამაშო ატრაქციონები კაუჩუკის რბილი იატაკით. სკვერებში აგრეთვე დამონტაჟდა საჩრდილობლები.

როგორც მერიაში აცხადებენ, სკვერების რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 170 000 ლარი დაიხარჯა.