ევროკომისიამ Apple 13 მილიარდი ევროთი დააჯარიმა

ამერიკული კორპორაცია Apple ევროკომისიამ 13 მილიარდი ევროთი დააჯარიმა ირლანდიის ხელისუფლების სასარგებლოდ.

კორპორაციის წინააღმდეგ სამწლიანი ანტიმონოპოლიური გამოძიების დასრულების შედეგად, Apple-ს რეკორდული თანხის გადახდა მოუწევს საგადასახადო დავალიანების ანაზღაურების მიზნით.

გამოძიებით დადგინდა, რომ ამერიკული კომპანია ირლანდიაში საგადასახადო შეღავათებით სარგებლობდა, რის გამოც კონკურენტებზე ნაკლებ გადასახადებს იხდიდა.

ევროკავშირის კანონმდებლობით, კონკრეტული ქვეყნის საგადასახადო ორგანოებს არ აქვთ უფლება საგადასახადო შეღავათები დაუწესონ რჩეულ კომპანიებს, რადგან ეს უკანონო სახელმწიფოებრივ დახმარებად ითვლება.

ევროკომისიის მონაცემებით, ირლანდიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 1991 და 2007 წლებში Apple-ს ირლანდიაში გადასახადების შემცირების უფლება მიეცა. ამერიკული კორპორაცია ირლანდიის მეშვეობით ახორციელებდა საერთაშორისო გაყიდვებს და ამ გზით საგადასახადო შეღავათით სარგებლობდა.