დიმიტრი ქუმსიშვილი - დაიგეგმება ძალიან კონკრეტული ნაბიჯები ლოგისტიკის ეფექტიანობის ინდექსის გაუმჯობესებისთვის

დაიგეგმება ძალიან კონკრეტული ნაბიჯები ლოგისტიკის ეფექტიანობის ინდექსის გაუმჯობესებისთვის და აუცილებლად მივაღწევთ შედეგს,

- ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკის იმ ანგარიშის შეფასებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, „ლოგისტიკური ეფექტიანობის ინდექსში“ საქართველოს მაჩვენებელი დაქვეითდა.

როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინდექსი.

„სამწუხაროდ, ჩვენ არ ვაქცევდით შესაბამის ყურადღებას და არ გვქონდა კომუნიკაცია ექსპერტებთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ინდექსი ყალიბდება. მსოფლიო ბანკი არის მაღალი რეპუტაციის მქონე, ჩვენი მეგობარია ეს ორგანიზაცია. ჩვენ ძალიან გავაქტიურდით ამ მიმართულებით. ამ წუთას გამოთხოვილია ყველა ის ინფორმაცია, რაზე დაყრდნობითაც მოხდა ჩვენი ინდექსის გაუარესება. დაიგეგმება ძალიან კონკრეტული ნაბიჯები ინდექსის გაუმჯობესებისთვის და აუცილებლად მივაღწევთ ამ შედეგს. ვადასტურებ, რომ ტრანსპორტი და ლოგისტიკა ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული ნაწილია და იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ გამოკითხვაში მონაწილეობას არ იღებდა სახელმწიფო სტრუქტურები და შეიძლება იღებდა კომერციული სტრუქტურები, ჩვენთვის ასეთ გამოკითხვას დიდი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, დეტალურად იქნება გაცემული პასუხი ყველა კითხვაზე და დასახული იქნება კონკრეტული გეგმა, როგორ გავაუმჯობესოთ მომავალ წლებში ეს მიმართულება”, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

„ლოგისტიკური ეფექტიანობის ინდექსში“ საქართველომ 160 ქვეყანას შორის 130-ე ადგილი დაიკავა. მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, საქართველოს პოზიციები ლოგისტიკის ეფექტიანობის შეფასების ყველა ძირითად კრიტერიუმში გაუარესდა, მათ შორის: საბაჟო და სასაზღვრო გაფორმების ეფექტიანობა; სავაჭრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ხარისხი და კონკურენტუნარიან ფასებში საერთაშორისო გადაზიდვების წარმოების სიმარტივე.