რუსი ბიზნეს-ტურისტების საქმიანი ინტერესის რეიტინგში საქართველო მეხუთეა

საქართველოში რუსი ბიზნეს-ტურისტების რაოდენობა, გასულ წელთან შედარებით, 59 პროცენტით გაიზარდა.

კომპანია „აეროკლუბის“ მონაცემებით, ეს მაჩვენებელი ძირითადად ფარმაცევტული, IT და სამომხმარებლო პროდუქტის სფეროში მოქმედი კომპანიების თანამშრომლობის შედეგად გაიზარდა.

კომპანიაში ასევე აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანი ზრდის მიუხედავად, საქართველო რუსი ბიზნეს-ტურისტების საქმიანი ინტერესის რეიტინგში მეხუთეა. თუმცა, რეიტინგში საქართველომ წელს აზერბაიჯანის ადგილი დაიკავა, რომელიც მეხუთე პოზიციას ზედიზედ რამდენიმე წელი იკავებდა.

როგორც რუსული მედია წერს, უცხოელ ინვესტორებს, მათ შორის რუს ინვესტორებს, საქართველოში ინვესტიციების კუთხით ყველაზე მეტად აჭარა იზიდავთ.

„2016 წლის პირველ კვარტალში ამ რეგიონში ინვესტიციებმა  29 პროცენტით მოიმატა და 98,7 მილიონ დოლარამდე გაიზარდა“, - წერს "გაზეტა.რუ".

რუსეთის სტატისტიკური სამსახურის „როსსტატის“ მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, საქართველოს რუსეთიდან 106 000 ტურისტი ეწვია, რაც 27, 7 პროცენტით მეტია გასული წლის ამავე მაჩვენებელთან შედარებით.

რუსული მედიის ცნობით, მიმდინარე წლის აგვისტოში მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით ბილეთების წილი 1,5-ჯერ, ბათუმში კი 2-ჯერ გაიზარდა. ამასთან ერთად, 14%-ით გაძვირდა ავიაბილეთები თბილისის მიმართულებით, 6%-ით კი ბათუმის მიმართულებით.

„წლის განმავლობაში საქართველოში რუსების ინტერესი ერთმნიშვნელოვნად გაიზარდა, ტურისტებმა 36%-ით მეტჯერ დაიწყეს საქართველოში ბილეთების ძებნა. 2016 წლის იანვარ-აგვისტოში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს მიმართულები ბილეთების გაყიდვები 31%-ით გაიზარდა“, - აღნიშნავენ რუსული კომპანია AviaSales-ის ანალიტიკოსები.

რუსული მედიის ცნობით, რუსეთიდან საქართველოში ავიაბილეთების გაყიდვის ზრდის რეკორდი მიმდინარე წლის ივლისში დაფიქსირდა და 32%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით.