პაატა ბურჭულაძე - მთავრობის მონაცემები, რომ ქვეყანაში მხოლოდ ნახევარი მილიონი სოციალურად დაუცველია, არასწორია

”სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერი პაატა ბურჭულაძე სოციალურად დაუცველებთან დაკავშირებით მის გუშინდელ განცხადებაზე განმარტებას აკეთებს.

როგორც ბურჭულაძემ ბათუმში, მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენისას განაცხადა, საქართველოს მთავრობის მონაცემები, რომ ქვეყანაში არის მხოლოდ ნახევარი მილიონი სოციალურად დაუცველი, არასწორია და ეს მაჩვენებელი რეალურად მინიმუმ მილიონს შეადგენს. მისივე თქმით, როგორც კი მისი ძალა ხელისუფლებაში მოვა, ყველა სოციალურად დაუცველს დახმარება დაენიშნება.

”ჩვენი პარტია შეიქმნა იმიტომ, რომ აღარ შეიძლება ყურება ამდენი გაჭირვებული ადამიანის, ამდენი მშიერი ბავშვის, ამდენი სოციალურად დაუცველის და ა.შ. გუშინდელ გამოსვლაში ჩვენი ეკონომიკური პროგრამის ერთ პატარა პარაგრაფზე ვილაპარაკე, თუ რას ვაპირებთ ჩვენ, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგიერთებმა ან ვერ გაიგეს ან არ გაიგეს თუ რას ვგულისხმობდი. დღეს ჩვენ საქართველოს მთავრობა გვეუბნება, რომ ჩვენ ქვეყანაში არის 500 000 ანუ ნახევარი მილიონი გაჭირვებული ადამიანი, ვისაც ეხმარება სოციალურად. ეს არ არის სწორი. დღეს საქართველოში მინიმუმ ორჯერ მეტი უაღრესად გაჭირვებული ადამიანია. ეს არის მინიმუმი. ჩვენ გვაქვს პროგრამა, რომ ამ მილიონ ადამიანს, როგორც კი მოვალთ ხელისუფლებაში, 9 ოქტომბრის დილიდანვე დაენიშნება სოციალური დახმარება და კიდევ ვაძლევთ პირობას, რომ მათ 4 წლის განმავლობაში არ მოვუხსნით ამ დახმარებას, რათა ყველანი ფეხზე დადგნენ, იგრძნონ, რომ სახელმწიფო ეხმარება და რაც მთავარია, არ მოუხსნან მათ ეს დახმარება იმის გამო, რომ 4 წლის განმავლობაში სამსახური იშოვა ან რაიმე დახმარება გაუწია თავის ოჯახს. გარდა ამისა, სოციალურად დაუცველთა ოჯახის ყველა წევრი იქნება დაცული როგორც უფასო მედიკამენტებით, ასევე ჯანდაცვით და სწავლა-განათლებით”, - განაცხადა ბურჭულაძემ.

მანვე სხვა პოლიტიკური ძალების ეკონომიკური გუნდები შეჯიბრში გამოიწვია. ”ჩვენი ეკონომიკური გუნდის მსგავსი საქართველოს ბოლო 25 წლის განმავლობაში არ ჰყოლია. ჩვენი ეკონომიკური გუნდის სახელით ვაცხადებ, რომ შეჯიბრში ვიწვევთ ყველა პარტიის ეკონომიკურ გუნდს და ვნახოთ თუ ვინ გაიმარჯვებს ამ შეჯიბრში”, - აღნიშნა ბურჯანაძემ.

”სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერი პაატა ბურჭულაძე ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, სოციალურად დაუცველის სტატუსის მატარებელთა რაოდენობის მილიონამდე გაზრდას გეგმავს. შესაბამისი განცხადება ბურჭულაძემ განმუხურში გააკეთა, სადაც დასავლეთ საქართველოში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

”გუშინ უკვე შეიძლებოდა, რომ პენსიონერი ასეთი გაჭირვებული არ ყოფილიყო. შეიძლებოდა, რომ ბიუჯეტის სწორად გადანაწილების შემთხვევაში პენსიონერს ჰქონოდა 250 ლარი. უკვე გუშინ შეიძლებოდა, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახებს ნორმალურად ეცხოვრათ. დღეს სოციალური დახმარება ეძლევა 500 000 ადამიანს და ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ ბიუჯეტით, რაც დღეს არის, გავხდით ერთ მილიონს - ერთ მილიონ ადამიანს, ვინც სოციალურად დაუცველია, 4 წლის განმავლობაში, სადაც არ უნდა იმუშაოს, არ მოვუხსნით ამ სტატუსს და ყველანაირად ხელს შევუწყობთ, რომ მისი ოჯახი ფეხზე დადგეს. გარდა ამისა, ყველა ვინც კი ცხოვრობს ასეთ ოჯახებში, ყველა ადამიანი იქნება დაპურებული, ექნება უფასო ჯანდაცვა, უფასო მედიკამენტები, უფასო სწავლა. მორჩა დრო, როდესაც ხალხი უნდა ემსახუროს ჩინოვნიკებს, ჩინოვნიკები პირიქით უნდა იყვნენ ხალხის სამსახურში. შეიქმნება სახელმწიფო ხალხისთვის”, - განაცხადა ბურჭულაძემ და დასძინა, რომ პოლიტიკაში იმედგაცრუებამ მოიყვანა.

ბურჭულაძის ამ განცხადებას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.