სამეგრელოში თხილის მოსავალი ნადგურდება

თხილი დასავლეთ საქართველოს მოსახლეობისთვის შემოსავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა, მაგრამ წელს სამეგრელოში თხილის მოსავალი ძალიან ბევრ ოჯახს გაუნადგურდა.

„ეს - ნამდვილი კატასტროფაა“ - გვითხრა „თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ - აკაკი მოწერელიამ, რომელმაც „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მოსავლის განადგურების მიზეზებზე ისაუბრა.

აკაკი მოწერელია - შეიძლება ითქვას, რომ წელს საგანგაშო მდგომარეობა გვაქვს, რადგან სამეგრელოში თხილის მოსავალი პრაქტიკულად განადგურებულია. ამის მიზეზი გახდა სოკოვანი დაავადება - ნაცარი, რომელმაც თხილი დაბალ ზონაში განსაკუთრებით დააზიანა. ამ დაავადებას ჭარბტენიანობა იწვევს, მაგრამ არსებობს მისი საწინააღმდეგო პრეპარატები, რომელიც ყველა მაღაზიაში იყიდება. ჩვენდა სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ შესაბამისი ზომები ყველამ არ მიიღო და პლანტაციები თავის დროზე არ დაამუშავა. სათანადო მკურნალობის შემთხვევაში დაზიანება მინიმუმამდე დავიდოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ფაქტია, რომ წელს თხილის ძალიან ცუდი მოსავალი გვაქვს. მაღალ ზონაში თხილის მოსავალი ნორმალურია, გურიაშიც უკეთესი ხარისხის თხილი მოვიდა, კახეთშიც თხილს ეს პრობლემა არ ჰქონია, სამეგრელოში კი, თხილის ხარისხი ძალიან დაბალია. ამიტომ, ყველა ამ რეგიონში მოწეული თხილის ფასი სხვადასხვაა: ზუგდიდში გაუტეხავი თხილი 3,40 ლარი ღირს, გურიაში - 5-დან 6 ლარამდე, ხოლო კახეთში - 7 ლარი. ბუნებრივია, ეს ფასები ხარისხზეა დამოკიდებული. 7 ლარი ღირს კარგი თხილი კახეთში და 3,40 - ზუგდიდში, რადგან იქ უხარისხოა და გამოსავლიანობაც დაბალი აქვს. ამ პრობლემებს დაემატა ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი ვაიმეწარმის საქმიანობა: მათ უხარისხო თხილი მიაქვთ გურიაში, იქ შედარებით ხარისხიან თხილში ურევენ და მერე ამ შერეულ, საეჭვო ხარისხის თხილს აბარებენ გადამამუშავებელ საწარმოებს. ამის გამო, წუნდებული საქონლის უკან დაბრუნებას ვეღარ ავუდივართ. ასე რომ, საკმაოდ რთული მდგომარეობა გვაქვს“, - აღნიშნა აკაკი მოწერელიამ.

სოფლის მეურნეობის საკითხებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მთავარი სპეციალისტის აკაკი ღლონტის განცხადებით, თხილს ისეთივე მოვლა და ყურადღება უნდა, როგორც ვაზს ან სხვა მცენარეულ კულტურებს.

„საერთოდ ნაცარი და სხვა დაავადებები თუ მავნებლები მაშინ მატულობს, როდესაც ჰაერის ტემპერატურა და ტენიანობა ორივე მაღალია. ეს ეტაპი მაისის მეორე ნახევრიდან იწყება. დაავადებებიც სწორედ ამ დროს მრავლდება და ამ პერიოდში მცენარეებს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ნაცარი ჩვეულებრივი პრეპარატებით იკურნება, რომელიც ყველა სპეციალურ მაღაზიაში იყიდება და მისი მკურნალობა არ არის პრობლემა. რაც შეეხება მავნებლებს, მათი დამარცხება შედარებით რთულია. ასეთი მავნებელია ამბროზიის ხოჭო, რომლის წამალი მსოფლიოში ჯერ არ არის გამოგონებული. ამბროზიის ხოჭო ღეროში შედის და ძნელი სამკურნალოა. ის იტალიიდან არის შემოსული და ძალიან საშიში მავნებელია. საბედნიეროდ, საქართველოში ჯერ მასობრივად არ გვხვდება, მაგრამ ამ საკითხს დროზე უნდა მივაქციოთ ყურადღება“, - აღნიშნავს აკაკი ღლონტი.

ხათუნა ჩიგოგიძე