4 წელში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 4,7%-ით შემცირდა

პენსიონერებთან ერთად, წინასაარჩევნოდ პოლიტიკოსების "მთავარ საზრუნავად" სოციალურად დაუცველი მოსახლეობა ხდება.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, იმის გამო, რომ ორივე ჯგუფი საკმაოდ მოწყვლადია, დაპირებებიც ძირითადად მათი "სოციალური მდგომარეობის" გამოსწორებაზე კეთდება. თუმცა ამ უხვი დაპირებისას ხშირ შემთხვევაში სახელდება "გაბერილი" ციფრებიც, რასაც ქვეყნის ბიუჯეტი, ცხადია, რომ ვერ გასწვდება.

ერთ-ერთი ასეთი გულუხვი დაპირება პაატა ბურჭულაძემაც გასცა და თანაც დაამატა, რომ სოციალურად დაუცველის სტატუსის მატარებელთა რაოდენობას ერთ მილიონამდე გაზრდის. ბურჭულაძის ეს საარჩევნო დაპირება საზოგადოების კრიტიკის საგანი გახდა, რამდენადაც პარტია, რომელსაც ქვეყნის განვითარება სურს, აქცენტს არა სოცდახმარებებზე, არამედ ეკონომიკის რეალურ ზრდაზე უნდა აკეთებდეს.

"დღეს სოციალური დახმარება ეძლევა 500 000 ადამიანს და ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ ბიუჯეტით, რაც დღეს არის, გავხდით ერთ მილიონს - ერთ მილიონ ადამიანს, ვინც სოციალურად დაუცველია, 4 წლის განმავლობაში, სადაც უნდა იმუშაოს, არ მოვუხსნით ამ სტატუსს და ყველანაირად ხელს შევუწყობთ, რომ მისი ოჯახი ფეხზე დადგეს", - განაცხადა ბურჭულაძემ.

აღნიშნული დაპირების შესახებ განცხადება საარჩევნო ბლოკ "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა. ის განმარტავს, რომ "გაჭირვებული ნაწილის" დეფინიციას მიაბამენ არსებულ სოციალურად დაუცველთა ბაზას: "თუმცა, იმის გამო, რომ განსხვავება ყველაზე გაჭირვებულ 10%-სა და შემდეგ 20%-ს ან 30%-ს შორის მინიმალურია, ვაფართოებთ დახმარების მიმღებთა რაოდენობას. აქედან 1,000,000 მილიონი დახმარების მიმღები. ჯამში, გაჭირვებულები მიიღებენ გაცილებით მეტ დახმარებას, ვიდრე ოდესმე მიუღიათ", - აცხადებს საარჩევნო ბლოკის ერთ-ერთი ლიდერი.

სოცდაუცველების მდგომარეობის გამოსწორება დაპირებათა ნუსხაში ჰქონდა 2012 წლის არჩევნებისთვის "ქართულ ოცნებას". მაშინ "ოცნება" პირობას დებდა, რომ უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების ფულადი დახმარების სისტემას შეცვლიდა. ამასთან, დაპირებაში ეწერა, რომ "სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ბაზა, შეფასების სისტემის გათვალისწინებით, დიფერენცირებული იქნება კატეგორიებად და შესაბამისად, ამ კატეგორიებისათვის დახმარებაც დიფერენცირებული იქნება; გაორმაგდება უკიდურესად გაჭირვებულთათვის სოციალური დახმარების ოდენობა; გაიზრდება დახმარების მიმღებთა რაოდენობა და ა. შ.".

ამ 4 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველების მიმართ სხვადასხვა ღონისძიება გატარდა. მაგალითად, 2015 წლის 1-ელი მაისიდან სოციალურად დაუცველთა სტატუსის მინიჭებისა და შეფასების ახალი მეთოდოლოგია ამოქმედდა. თუ ადრე პირველადი საყოფაცხოვრებო ტექნიკა: ტელევიზორი, სარეცხი მანქანა, მაცივარი, გაზქურა და ა. შ. ფუფუნებად ითვლებოდა, ამ ცვლილების შემდეგ დაუცველ მოქალაქეებს საოჯახო ტექნიკა სარეიტინგო ქულად აღარ ეთვლებათ.

ასევე, აღსანიშნავია ის, რომ ახალი მეთოდოლოგიით სოციალური აგენტის სუბიექტური შეფასება სარეიტინგო ქულაზე აღარ მოქმედებს. როგორც გვახსოვს, სოციალური დახმარების მიმღებ პირთა უმრავლესობა სწორედ ამ სოციალური აგენტის შეფასებებს აკრიტიკებდა, ეწინააღმდეგებოდა და უსამართლოს უწოდებდა, რადგან რეალურად, თითოეული ოჯახის ბედი სწორედ ერთ ადამიანზე იყო დამოკიდებული, მხოლოდ სოციალური აგენტი, თავისი სუბიექტური აზრით წყვეტდა - ოჯახი იყო ღარიბი, მდიდარი, საშუალო შესაძლებლობის მქონე თუ სხვა.

ამავე ცვლილებით, საარსებო შემწეობის მიმღებთა ზღვრულმა ქულამაც ცვლილება განიცადა. თუკი ადრე ქულების ზედა ზღვარი 57 000 იყო, 2015 წლიდან ზედა ზღვარი 65 000-მდე გაიზარდა. მოიმატა შემწეობის თანხამაც.

მართალია, ამ 4 წლის განმალვობაში გარკვეული ღონისძიებები გატარდა, თუმცა არასაკმარისი, რადგან ხელისუფლების მთავარი საზრუნავი არა სოცდაუცველების რაოდენობისა და დახმარების გაზრდა, არამედ ბაზაში მათი რაოდენობის შემცირება უნდა იყოს. ეს კი ხელისუფალმა ეკონომიკის რეალური სექტორის ზრდით და უმუშევრობის პრობლემის დაძლევით უნდა უზრუნველჰყოს.

რაც შეეხება ოფიციალურ სტატისტიკას, სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის აგვისტოში ბაზაში რეგისტრირებულია 417 543 ოჯახი, სულ 1 288 022 დამიანი. 2012 წლის დეკემბრის მონაცემებით კი სახელმწიფო შემწეობის მიღებაზე განაცხადი 525 137 ოჯახს, ანუ 1 672 115 ადამიანს ჰქონდა შეტანილი. შედეგად გამოდის, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც თვლის, რომ ღარიბია და სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს, თითქმის 23%-ით შემცირდა.

4 წლის განმავლობაში შემცირდა საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობაც, თუმცა მხოლოდ 4,7%-ით. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2012 წელს საარსებო შემწეობას 501 445 ადამიანი იღებდა, 2016 წლის აგვისტოს მონაცემებით კი - 477 840 ადამიანი.

ექსპერტი სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში ზვიად კანდელაკი თვლის, რომ სოციალურად შეჭირვებული ოჯახების რაოდენობის შემცირება პოლიტიკოსების და ხელისუფლების მთავარი საზრუნავი უნდა იყოს. დაპირება კი, რომელიც მათთვის დახმარების გაზრდასა და მათი რაოდენობის მატებაში გამოიხატება, სერიოზულად არც უნდა იყოს აღქმული.

"გასაგებია, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს უჭირს, მაგრამ ამ გაჭირვებას უნდა ებრძოლო არა შემწეობის მოცულობის გაზრდით ან დახმარების მიმღებთა მატებით, არამედ მათი რაოდენობის კლებით. უნდა შექმნა სამუშაო ადგილები, უნდა განავითარო ეკონომიკის რეალური სექტორი, როდესაც სამუშაო იქნება, ეს სოცდაუცველი დასაქმდება და ფულს თავად იშოვის. მუდმივად სახელმწიფოს იმედზე ხალხი არ უნდა იყოს.

ამიტომაც მიმაჩნია ასეთი გულუხვი დაპირებები არასერიოზულად. თუ პოლიტიკოსი ხარ და ქვეყნისთვის სიკეთე გინდა, გააკეთე ის, რაც მოსახლეობას ყოფას შეუმსუბუქებს. მოსახლეობისთვის ყოფის შემსუბუქება კი ყოველთვიურად შემწეობის გაცემა ნამდვილად არ არის", - განაცხადა კანდელაკმა.

ბურჭულაძის დაპირება სოცდაუცველებთან მიმართებაში უკვე გავიგეთ, რას შესთავაზებენ სხვა პოლიტიკური პარტიები სოციალურად დაუცველებს, მალე გახდება ცნობილი.

ელზა წიკლაური

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"