ქართული ხილი და სამკურნალო მცენარეები გერმანიაში ექსპორტზე გავა

სექტემბერში ხილისა და სამკურნალო მცენარეების გადამამუშავებელი ახალი საწარმო ,,იბერია ფრუტსი” გაიხსნება.

როგორც მისი დამფუძნებელი კოტე ხუციძე ,,ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნავს, პროდუქცია მთლიანად ექსპორტზე იქნება ორიენტირებული და პირველ ეტაპზე გერმანიაში, ახლო მომავალში კი ბულგარეთშიც გავა.

,,ჩვენ ვიღებთ მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს. მათ შორისაა გარეული მოცვი, ძირტკბილა, ვაშლი, ასკილი, ქაცვი, ფურისულას ფესვები. პროდუქციას ვაშრობთ და ექსპორტზე გასატანად ვამზადებთ. ჩვენ ვქმნით პროდუქტს, რომელიც ბაზარს პირდაპირ არ მიეწოდება და მხოლოდ შემდგომ გადამუშავებას საჭიროებს. კონკრეტულად კი, გერმანიაში აღნიშნული პროდუქცია სამედიცინო ინდუსტრიაში, ასევე ჩაის მიქსების დასამზადებლად გამოიყენება”, - აღნიშნავს კოტე ხუციძე.

მისივე ინფორმაციით, საწარმოს ნედლეულს კახეთისა და ყაზბეგის რაიონიდან ადგილობრივები აწვდიან. ამ ეტაპზე „იბერია ფრუტსი“ დაახლოებით 20 მომწოდებელთან თანამშრომლობს.

როგორც კოტე ხუციძე აღნიშნავს, ამ პროდუქციის მიმართ უცხოურ ბაზარზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია.

საწარმო დუშეთის რაიონში მდებარეობს. მასში ამ ეტაპზე 15 ადამიანია დასაქმებული.

,,იბერია ფრუტსი” სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტით სარგებლობს და შეღავათიანი აგროკრედიტიც აქვს აღებული. პირის თანამონაწილეობა კი 26 ათას დოლარს შეადგენს.

ქრისტინე გამთენაძე

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე