"ჩვენი სამხრეთკავკასიური ლოგისტიკური დერეფნის გავლით, შესაძლებელია ძალიან დიდი მოცულობის ტვირთების მოზიდვა"

ჩვენი სამხრეთკავკასიური ლოგისტიკური დერეფნის გავლით, შესაძლებელია ძალიან დიდი მოცულობის ტვირთების მოზიდვა.

ამ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება აზერბაიჯანთან ერთად უნისონში მოქმედება, მათ შორის ერთობლივი ვიზიტები, როგორც ჩინეთში, ასევე ინდოეთში, იმისთვის, რომ დავიწყოთ საუბარი გაცილებით უფრო დიდი მასშტაბის ტრანზიტზე, ჩვენი რეგიონის გავლით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტი შეაჯამა და აღნიშნა, რომ როგორც პრეზიდენტ ალიევთან, ისე პრემიერ-მინისტრ რასიზადესთან განხილული იყო ორმხრივი ურთიერთობების ძალიან ბევრი საკითხი.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული ურთიერთობები, ხოლო ხალხებს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებთ.

"ამავე დროს, ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონული ეკონომიკური პროექტები, რომლებსაც აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა - ეს არის სამხრეთის გაზის დერეფანი ანუ სამხრეთკავკასიური გაზსადენის პროექტი, რომლის მიმდინარეობაზეც ვისაუბრეთ. ვისაუბრეთ ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის მიმდინარეობაზე, განვიხილეთ ერთიანი სატარიფო სისტემის შემუშავების საკითხი ჩვენს ლოგისტიკურ დერეფანში. ასევე ვისაუბრეთ ახალი ტვირთების დამატების შესაძლებლობებზე, მათ შორის, როგორც ჩინეთიდან, ასევე ინდოეთიდან", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, მსგავსი პროექტების განხორციელების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტაბილურობა, რაც ასევე იყო საუბრის თემა გამართულ შეხვედრებზე. ყურადღება ინფრასტრუქტურულ მოდერნიზებასაც დაეთმო, რადგან გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, შესაბამისი, ძალიან მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურის გარეშე, ასეთი ტრანზიტის მოზიდვა შეუძლებელია.

"ამ ყველაფერზე საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა იყო პრეზიდენტთან და მანამდე, პრემიერ-მინისტრთან, როგორც პირისპირ - ისე გაფართოებულ ფორმატში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე უპასუხა კითხვას, ხომ არ შეუქმნის საფრთხეს ტრანსანატოლიური გაზსადენის პროექტს რუსეთისა და თურქეთის მოლაპარაკებები შემაერთებელი გაზსადენის საკითხზე. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, არც ტრანსანატოლიურ და არც ტრანსადრიატიკულ გაზსადენს არაფერი ემუქრება, რადგან იქ უკვე ყველაფერი დაკონტრაქტებულია, როგორც ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ასევე გასატარებელი გაზის მოცულობა.

„მოპოვებიდან დაწყებული რეალიზაციით დამთავრებული, იქ ყველაფერი დალაგებულია. ამიტომ, ამ სურათს ვერაფერი შეცვლის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

რაც შეეხება რუსეთისა და თურქეთის შემაერთებელი გაზსადენის საკითხს, პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი ჯერ საბოლოოდ გარკვეული არ არის.

„ვნახოთ, როგორ განვითარდება მოლაპარაკებები რუსეთსა და თურქეთს შორის. ჯერჯერობით რაიმე კონკრეტულის პროგნოზირება შეუძლებელია“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.