გიგლა აგულაშვილი - ბორჯომში ხეების სანიტარული ჭრები მიმდინარეობს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ბორჯომში ჯანმრთელი ხეების მოჭრის ალბათობას გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ ტერიტორიაზე მხოლოდ სანიტარული ჭრები მიმდინარეობს.

,,სამინისტრო როგორც მწერებს ისე სხვა სახის დაავადებებს რამდენიმე ფორმით ებრძვის. მათ შორის, სანიტარული ჭრის, შეწამვლის თუ ფერომონების საშუალებით. ეს მეთოდები გამოიყენება იმის ადეკვატურად თუ რომელ დაავადებასთან გვაქვს საქმე. ამ შემთხვევაში ბორჯომის პლატოზე არის გავრცელებული მწერი მბეჭდავი ქერქიჭამია, რომელიც აზიანებს ასაკიან ხეებს. იქ სადაც ფერომონებით ბრძოლას არ აქვს ეფექტი, ვიყენებთ სანიტარული ჭრის მეთოდს. დაავადებული ხე ინომრება, იჭრება შემდეგ ხდება მისი გაქერქვა. გაქერქვის შემდეგ კი მწერები და მისი ჭუპრები იღუპებიან. შესაბამისად, ამ პროცესს აქვს პოზიტიური შედეგი. ხდება ტყის განახლება”, - აღნიშნავს გიგლა აგულაშვილი.

მისი თქმით, აღნიშნულ დაავადებასთან საბრძოლველად შეწამვლის მეთოდი არ გამოიყენება. ბრალდება იმის შესახებ, რომ სანიტარული ჭრები დაგვიანებით მიმდინარეობს, აბსურდულია.

,,ასევე გახსოვთ, რომ ცოტა ხნის წინ აქ იყო სტიქია, მსგავსი სტიქია აქაურობას არ ახსოვს, ასწლოვანი ხეები ძირიანად მოთხარა. ამ ეტაპზე დაავადებასთან ბრძოლის სამუშაო პროცესი მიდის. ის რაც გასაქერქია, გაიქერქება, არცერთი ჯანმრთელი ხე არ იჭრება.”-აღნიშნავს გარემოს დაცვის მინისტრი.

"ბიზნესპრესნიუსი" ბორჯომში ადგილორივ მუნიციპალიტეტსაც დაუკავშირდა. სანიტარული ჭრების მიმდინარეობაზე მუნიციპალიტეტშიც საუბრობენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ეს საკითხი სატყეო სააგენტოს კონპეტენციაშია და გავრცელებულ მწერთან, ქერქიჭამიასთან ბრძოლაც მათი დაკვირვების ქვეშ მიმდინარეობს.

,,სანიტარული ჭრები მიმდინარეობს წინა ზოლზე, პლატოს ტერიტორიაზე. ეს, ჩვენი როგორც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის კომპეტენცია არ არის. ამ ჭრებს აწარმოებს სატყეო სააგენტო.”-აცხადებენ მუნიციპალიტეტში.

ქრისტინე გამთენაძე