მოწამეთასა და გელათის მონასტრის ირგვლივ ხეები განადგურებულია

მოწამეთასა და გელათის მონასტრის ირგვლივ ხეები გამხმარი და განადგურებულია.

მოსახლეობა შიშობს, რომ ქუთაისის მიმდებარე ტერიტორიაზე საშიში მავნებელი ვრცელდება, რომელიც იქ არსებულ მცენარეებს გახმობით ემუქრება.

ქუთაისის მკვიდრის, ექიმ ვახტანგ სიხარულიძის თქმით, ხეები გადახრუკულია და თითქოს, ობობას ქსელშია გაბმული. გაცილებით უარესი მდგომარეობაა გელათის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე.

„როგორც გავარკვიეთ, გელათისა და მოწამეთას ტერიტორიაზე ხეების გახმობის მიზეზი საშიში მავნებელი ყოფილა - ეს არის პარაზიტი - პეპელა, რომელსაც ბზის ალურას ეძახიან. ის ძალიან სწრაფად მრავლდება და მცენარეების ფოთლებს ანადგურებს. საკუთარი თვალით ვნახე, რომ გარდა ბზისა, ეს მავნებელი სხვა ხეებზეც არის გადასული. ჩვენ გვაინტერესებს, ვინმემ თუ იცის ამის თაობაზე, ან ვინმე თუ ზრუნავს ამ ულამაზეს, ისტორიულ ადგილებზე?! ამბობენ, შევწამლეთო, მაგრამ თუ შეწამლეს, შედეგი ხომ უნდა ჩანდეს? თუ გვეტყვიან როგორ ვუმკურნალოთ, მოსახლეობა თავისი ძალებით უმკურნალებს ამ ხეებს და თუ შეწამლეს, ასეთი მდგომარეობა რატომ არის?“, - აღნიშნავს ვახტანგ სიხარულიძე.

„ბიზნესპრესნიუსი“ ამ პრობლემაზე საქართველოს აგრარული უნივერისტეტის სატყეო ინსტიტუტის ტყის დაცვის განყოფილების უფროსს - არჩილ სუპატაშვილს ესაუბრა. ბატონი არჩილი მიიჩნევს, რომ ბზის ალურას ჩვენი ბუნებისთვის სერიოზული ზიანის მოტანა შეუძლია:

„ეს არის ძალიან აგრესიული და საშიში მავნებელი - პეპელა, რომელიც 2012 წელს, სოჭის ოლიმპიური სოფლის გასამწვანებლად შემოტანილ ბზის ნერგებს შემოჰყვა და მერე საქართველოშიც გავრცელდა. ბზის ალურას შეუძლია ეს უნიკალური მცენარე - ბზა - სულ გაანადგუროს. ეს მავნებელი პირველ რიგში ბზის დიდ ხეებს აზიანებს. ტყეში მის წინააღმდეგ ბრძოლა ძნელია, რადგან წამალი ზემოდან უნდა დაასხურო, ბაღ-პარკებში კი, საჭირო პრეპარატების შესხურება შედარებით ადვილია. ამიტომ, დიდი მნიშვნელობა აქვს, ბუჩქებზეა მოდებული ბზის ალურა, თუ ხეებზე. დაზიანებული ხეების მკურნალობა რთულია. ამ სირთულეს ისიც ემატება, რომ პეპელა წელიწადში 3-4 თაობას იძლევა. სხვათა შორის, ბზის ალურა სხვა მცენარეებსაც ეტანება და მათთვისაც დიდ საშიშროებას წარმოადგენს“, - აღნიშნავს არჩილ სუპატაშვილი.

როგორც ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის ენტომოლოგმა გიორგი მამარდაშვილმა გვითხრა, ეს არის ინვაზიური სახეობა, რომელიც უკონტროლოდ მრავლდება და ამითაც არის საშიში.

გიორგი მამარდაშვილი: „ეროვნული სატყეო სააგენტო ყველანაირად ცდილობს ტყის დაცვას სხვადასხვა მავნებლისაგან. წელს სააგენტოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საქმეა ბზის კორომების დაცვა ინვაზიური მავნებლის - ბზის ალურასაგან. ბზის კორომების შესწავლის შედეგად, მავნებლის გავრცელება აღინიშნა მხოლოდ სამ რეგიონში: იმერეთში, გურიაში და სამეგრელო-ზემო სვანეთში - სულ 400 ჰა ფართობზე“.

ხათუნა ჩიგოგიძე