უხარისხობის გამო თხილის ფასი ყოველდღიურად მერყეობს

სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება პრობლემების ფონზე მიმდინარეობს.

ადგილობრივების თქმით, წელს უპრეცენდენტო სიტუაციაა. არის შემთხვევები, როდესაც ისინი თხილის რეალიზაციას საერთოდ ვერ ახერხებენ უხარისხობის გამო.

თხილის მწარმოებლის ხვიჩა ნანავას თქმით, თხილის ჩამბარებელი პუნქტები მასობრივად აბრუნებენ კლიენტებს, რადგან თხილის არც ნაჭუჭი ვარგა და არც გული.

ადგილობრივების თქმით, თხილის ფასი ასეთი არასტაბილური არასდროს ყოფილა, ერთ დღეს შეიძლება 5 ლარამდე იყოს, მეორე დღეს კი 2, 50 ლარამდე დაეცეს.

თხილის მწარმოებლების თქმით, ქარხნები განსაკუთრებული სიფრთხილით ამოწმებენ ნედლეულს.

"ქარხანამ უარი მითხრა ახალი თხილის მიღებაზე. შარშანდელი თხილი რომ არ იყოს, ვერც კი ვიმუშავებთ. თხილის ფასი ყოველდღიურად მერყეობს. ხვალ რა იქნება, არავინ იცის. ძალიან დაძაბულები ვართ. ახლა 2 ტონამდე თხილი მაქვს საწყობში და არ ვიცი, კიდევ მივიღო თუ ჯერ ეს ამოვყიდო. გლეხები ცდილობენ, სანამ ნედლეულს წონა აქვს, მოიშორონ", - ამბობს თხილის მწარმოებელი ვალერი კოდუა.

ლალი პაპასკირი