ტურისტული კომპანიების აფერა და მოტყუებული მგზავრები

ტურისტული მარშრუტის დაგეგმვის, თანხის გადახდის შემდეგ, კომპანიების ნაწილი წასვლის მსურველებთან კავშირს წყვეტს.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ზოგიერთ შემთხვევაში, საქმე სისხლის სამართლის მუხლით არის აღძრული, თუმცა რესპონდენტები აცხადებენ, რომ შეტანილ საჩივარს სამართალდამცველების მხრიდან ეფექტური რეაგირება არ მოჰყოლია. თავად კომპანიებში განმარტავენ, რომ პრობლემა გაკოტრებამ გამოიწვია და დაზარალებულებს თანხის დაბრუნებას ჰპირდებიან.

ტურისტული მომსახურება დაურეგულირებელი მიმართულებაა და ის სულ უფრო საფრთხილო ხდება. ტურისტული კომპანიების მხრიდან ზოგიერთ შემთხვევაში ადგილი აქვს თანხის მითვისებას. "გადაგდებული" ხალხი სამართალს პოლიციაში ეძებს, თუმცა გაკოტრებული ორგანიზაციისგან კუთნვილი თანხის დაბრუნებას ზოგი ვერც ახერხებს.

ასეთი შემთხვევები საკმაოდ ბევრია - ზოგი ხმაურდება, ზოგი კი - არა. მგზავრებმა კი არ იციან, როგორ დაიცვან თავი "აფიორისგან".

"ტურისტულმა სააგენტო "შოკ თრეველმა" დაარღვია მგზავრთა უფლებები, არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, მიითვისა მგზავრის მიერ გადახდილი თანხა და არ უზრუნველყო ისინი შეთანხმებული ავიაბილეთით და სასტუმროთი.

ავიაკომპანია "ატლასგლობალი" წყვეტს "შოკ თრეველთან" თანამშრომლობას და აკისრებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სანქციას მგზავრთა უფლებების დარღვევისთვის. გარდა ამისა, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ქართველი მგზავრების უფლების დაცვა მნიშვნელოვანია", - აღნიშნა ავიაკომპანია "ატლასგლობალის" კომერციულმა დირექტორმა თამარ თანდაშვილმა.

გიორგი მირზიანიც ადასტურებს, ტურისტული კომპანიის დანაშაულებრივ ქმედებას. მას უკვირს, თუ როგორ იძვრენდა ამდენ ხანს თავს აღნიშნული ორგანიზაცია.

კიდევ ერთი კომპანია, რომელსაც რესპონდენტები ამხელენ, "დეკა თრეველია".

"შოკ თრეველისგან" განსხვავებით, "დეკა თრეველის" წინააღმდეგ, სისხლის სამართლის ბრალდებით ჯერ საქმე არ აღძრულა. "გადაგდებულ" მგზავრებს პოლიციამ მხოლოდ ის უთხრა, რომ კომპანიას ვალი აქვს და აღიარებს. ხალხს კი ჰპირდებიან, რომ კომპანიას როდესაც ექნება საშუალება, თანხას მათაც დაუბრუნებს", - აღნიშნა თბილისელმა თინათინ სტურუამ.

მოტყუების სერია გრძელდება. ქართველი ტურისტების 14-კაციან ჯგუფს აგვისტოს ცხელი დღეების გატარება ლისაბონი-პორტუ-ბარსელონას ტურის ნაცვლად, თბილისში მოუწია. მიზეზი წინა შემთხვევების მსგავსია.

ინდივიდუალური პირი ჯგუფს კონკრეტული ტურის მომზადებას, ბილეთების ყიდვასა და სასტუმროების დაჯავშნას შედარებით დაბალ ფასად დაჰპირდა. ტურისტებმა კი გაფრენის წინა დღეს შეიტყვეს, რომ მათი გამგზავრება ჩაიშალა; ტურის დაგეგმვაზე პასუხისმგებელ პირებს წინსწრებით გადახდილი თანხა, დაახლოებით, 11 ათასი ევრო, ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ.

"დამპირდნენ, რომ თვითმფრინავის ბილეთებს და სასტუმროების ჯავშანს ვიზის აღების შემდეგ მივიღებდით. აგვისტოდან უკვე უნდა წავსულიყავით. ამიტომ ვიზის აღებისთანავე დავიწყეთ აქტიური კომუნიკაცია ორგანიზატორებთან. ანი სულაძე (ამ საქმის ორგანიზატორი) ხან არ იღებდა ტელეფონს, ხან გვეუბნებოდა, რომ 1-2 საათში გადაგვერეკა და ა. შ. მივხვდით, რომ ეს ადამიანი იტყუებოდა და დავიწყეთ მეორე წარმომადგენელთან - ქრისტინე ჭედიასთან რეკვა.

როდესაც მივხვდით, რომ ტური ჩაიშალა, გადავწყვიტეთ, დაგვებრუნებინა ფული. ისინი გავაფრთხილეთ, რომ თუ თანხას არ დააბრუნებდნენ, აუცილებლად ვუჩივლებდით", - აცხადებს "რეზონანსთან" თათა საყვარელიძე.

კიდევ ერთმა დაზარალებულმა მანანა კაცაძემ აღნიშნა, რომ მომხდარის მერე დახმარების თხოვნით პოლიციას მიმართეს.

"მივედით პოლიციაში და დავწერეთ განცხადება. მტკიცებულება გვაქვს, ფოტომასალაც, რაც შეეხება ხელშეკრულებას, ქვითარს, ან სხვა მსგავს საბუთს, არ გაგვაჩნია, რადგან ინდივიდუალურ პირებთან კონტრაქტი არ გაგვიფორმებია", - განაცხადა მანანა კაცაძემ.

ტურისტული კომპანიის აფერის მსხვერპლნი გახდნენ 2014 წელს ნანი მაინდიაშვილი და ლია იაკონომუც. დაზარალებულები "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავენ, რომ "გადაგდებული" მგზავრების რიცხვი მინიმუმ 10 კაცს შეადგენდა.

"აღმაშენებლის გამზირზე #38-ში მდებარე კომპანია "მარდში" მივედით. გარედან ჰქონდათ გამოკრული, რომ იყო ტურისტული კომპანია და ჰყიდდა ავიაბილეთებს. კომპანიის მფლობელმა თავისი ოფისი გარკვეული პერიოდის შემდეგ უზნაძის #33-ში გადაიტანა.

ისრაელში წასვლისთვის თავდაპირველად 1000 დოლარი გადავიხადე. ჩასვლისთვის და დასაქმებისთვის ჯამში 5500 დოლარი გადავეცი. ამის დამადასტურებლად მაქვს სალაროს შემოსავლის ორდერი. ასევე დამახვედრეს ვიღაც ფატი, რომელიც ისრაელში წასვლამდე, კითხვებზე პასუხის გასაცემად მომამზადებდა როგორც ტურისტს", - გვითხრა ნანი მინდიაშვილმა.

ლია იკონომუ ინგლისში, კერძოდ კი ლონდონში მიდიოდა, რაშიც ჯამში 6000 დოლარი გადაიხადა.

"პირველ ჯერზე 4000 დოლარი შევიტანე და გაფორმდა ხელშეკრულება. შემდეგ დამატებით 1500 დოლარი მომთხოვეს, რაც გადავიხადე. ფულის გადაცემა და ეს ყველაფერი ნოტარიუსით არის დამტკიცებული. დაიწყო ტყუილები, გადახდის ვადის გადაწევა. მის მიერ მოტყუებულ უამრავ ადამიანს შევხვდი, ერთს ვითომ ამერიკაში უშვებდა", - ამბობს ლია იკონომუ.

კომპანია "მარდის" დამფუძნებელმა კახა დოფიძემ "რეზონანსთან" საუბრისას აღიარა, რომ ნანი მინდიაშვილისგან და ლია იკონომუსგან თანხა აიღო.

"საქმეს იძიებს გორის შინაგან საქმეთა სამმართველო. დამკითხეს, მივეცი ჩვენება და ავუხსენი ყველაფერი, ვარ იმათ ზედამხედველობის ქვეშ. მანამდე მირეკავდა 30 კაცი, სულ სხვადასხვა ადამიანები. მერე პოლიციამ დარეკა და დაკითხვაზე დამიბარეს, შემდეგ პროკურატურაში წავედი. თანხა დაუბრუნდებათ, ვინ თქვა, რომ არ უბრუნდებათ?" - განუცხადა "რეზონანსს" კახა დოფიძემ, თუმცა ამას როდის მოახერხებს, პასუხი ვერ მივიღეთ.

იდენტური იყო "შოკ თრეველის" წარმომადგენლის პასუხიც: "სამწუხაროდ, ჩემმა კომპანიამ შეწყვიტა მუშაობა თვენახევრის წინ და ყველა მგზავრს შეატყობინა გაკოტრების შესახებ. სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა, თუმცა მიმდინარეობს გამოძიება ჩემ წინააღმდეგ. მგზავრებს თანხა დაუბრუნდება უახლოეს 1 თვის განმავლობაში. ეს იყო ჩემი კომპანიის გაბანკროტების შედეგი და ის უკვე აღარ არსებობს", - განაცხადა "შოკ თრეველის" წარმომადგენელმა დიმიტრი აბრამიანმა.

სხვა ორგანიზატორების დაახლოებით პასუხიც იგივეა. ისინი მომხდარს შემთხვევითობით გამოწვეული ხარვეზებით ხსნიან და თანხის უკან დაბრუნებაზე საუბრობენ.

"ჩემმა პარტნიორმა ვერ მოახერხა ტურის ორგანიზება და მოითხოვა მისი ერთი კვირით გადადება. ვერ მოხერხდა ტურისტებთან შეთანხმება, რადგან მათ აღარ ჰქონდათ შვებულების გადაწევის საშუალება. აქედან გამომდინარე, ტური ჩაიშალა. პარტნიორი არ არის უარზე, რომ თანხა გადამირიცხოს. ის ამბობს, რომ ეტაპობრივად მოხდება ფულის გადმოგზავნა", - აცხადებს ანი სულაძე.

მან "კომერსანტთან" საუბრისას აღნიშნა, რომ მსგავსი შემთხვევა მისი დამოუკიდებლად მუშაობის ერთწლიანი პრაქტიკის განმავლობაში სხვა დროსაც დაფიქსირებულა.

მარიამ აფციაური

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"