ბიძინა ივანიშვილი - 4 წელიწადში 41 ახალი საწარმო გაიხსნა და 5 გარემონტდა

გაჭირვებულ ადამიანებს ევროპაში, აშშ-სა და სხვა განვითარებულ ქვეყნებშიც იპოვით,

- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა აჭარაში, ადგილობრივ მედიასთან შეხვედრის დროს განაცხადა. ჟურნალისტის კითხვა შეეხებოდა ოპონენტების კრიტიკას იმის შესახებ, რომ აჭარა ”დაპაუზებულია”.

”ოპონენტები ძალიან აზოგადებენ თავის კითხვებს, მე მახსოვს როცა ჟურნალისტებთან ციფრებზე და სტატისტიკაზე ვსაუბრობდი, ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ მართული მედიასაშუალებები მეუბნებოდნენ, რომ გავსულიყავი რეგიონებში და მენახა, რამდენი გაჭირვებული ადამიანია. მე გარწმუნებთ, რომ ევროპულ, განვითარებულ ქვეყნებში, აშშ-ში ჟურნალისტები თუ ჩაბრძანდებით, გაჭირვებულ ადამიანებს იქაც იპოვით. თუმცა მე არ მაქვს პრეტენზია იმის, რომ ჩვენი ეკონომიკა განვითარებული ევროპის ქვეყნების ეკონომიკას შევადარო, მაგრამ ესეთი განზოგადება არ შეიძლება. მე ყველაზე კარგად ვიცი და საქართველოში ყველამ იცის, რომ საქართველოში ბევრი გაჭირვებული ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ მთავრობის მოღვაწეობის რეალური შეფასება არ არის, როცა ამბობენ, რომ აჭარა გაჩერდა, როგორ გაჩერდა, როცა ამდენი ინვესტიცია შემოვიდა, ტურიზმი გაიზარდა, თუ 8 წელიწადში ”ნაციონალურმა მოძრაობამ” 200 სასტუმრო ააშენა, 4 წელიწადში 170 სასტუმრო აშენდა და დამატებითი სამუშაო ადგილები გაჩნდა. 41 ახალი საწარმო გაიხსნა და 5 გარემონტდა”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, პრემიერობის პირველივე დღიდან ეკითხებოდნენ, სად იყო დაპირებული 100 საწარმო, თუმცა ახლა როცა აშენდა, აღარავინ ახსენებს ამას.

ბიძინა ივანიშვილის მტკიცებით, აჭარაში მშენებლობის მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით 70%-ით გაიზარდა.

”მასიურად რომ ვთქვათ, ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდაო, ამის თქმა არ შეიძლება, თუმცა შეღავათი რომ ყველამ მიიღო, ეს ფაქტია”, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.