აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 100 მლნ დოლარს გამოუყოფს

საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის დღეს „შიდა რესურსების მობილიზაციის გაუმჯობესება ინკლუზიური ზრდის პროგრამისათვის - ქვეპროგრამა 3-ის“ შეთანხმება გაფორმდა.

ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და აზიის განვითარების ბანკის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში იეშიმ ელჰან კაიალიმ.

პროგრამის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 100 მლნ აშშ დოლარს გამოუყოფს.

პროგრამის ძირითადი მიზანია, სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების გაზრდის მიზნით, შიდა რესურსების უფრო ეფექტური მობილიზება. პროგრამის ფარგლებში, წარმატებით განხორციელდა ისეთი ღონისძიებები, რომელიც უზრუნველყოფს ვალის მართვის და ფისკალური რისკების შეფასებას, გადაიდგა ნაბიჯები კაპიტალის ბაზრის განვითარების, ასევე საპენსიო რეფორმის განხორციელების მიმართულებით და სხვა.

აღნიშნული წარმოადგენს 3-წლიანი პროგრამის დამასრულებელ ეტაპს. პროგრამის ფარგლებში, საქართველოსთვის სრულად გამოიყო 250 მლნ აშშ დოლარის ოდენობის შეღავათიანი ფინანსური რესურსი.