სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს რძის მცირე საწარმოები გადაეცემათ

15 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს სხვადასხვა სიმძლავრის რძის მიმღებ-გადამამუშავებელი მცირე საწარმოები გადაეცემა, რომლებიც აღჭურვილი იქნება ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოებით.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით გადაეცემათ ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო აღჭურვილობა.

მათივე განმარტებით, კოოპერატივები, ასევე მიიღებენ ტექნიკურ დახმარებას ტრეინინგების სახით.

„სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა რეგიონში რეგისტრირებული კოოპერატივები. კერძოდ, სამეგრელოს რეგიონში 3 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, გურიაში -1, კახეთში -1, ქვემო ქართლში -2, სამცხე-ჯავახეთში -8. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში გაერთიანებული მეპაიეთა რაოდენობა შეადგენს 416 ფერმერს, ხოლო მათ საკუთრებაში არსებული ფურების რაოდენობა 3688-ს.

პროგრამაში ჩართულობით მესაქონლე კოოპერატივებს ეძლევათ საშუალება, სტანდარტების დაცვით მოახდინონ რძის მიღება. ერთის მხრივ ერთობლივად მიაწოდონ რძე საწარმოებს, მეორეს მხრივ კოოპერატივებს ეძლევათ შესაძლებლობა მისი მეპაიეების წარმოებული რძე მიიღონ და აწარმოონ რძის პროდუქტები, რაც ხელს შეუწყობს საწარმოო ციკლის გაზრდით კოოპერატივების მეპაიეების შემოსავლების ზრდას“, - აცხადებენ უწყებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია დისტანციურად სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე www.acda.gov.ge იყო შესაძლებელი.