დიმიტრი ქუმსიშვილი - მსოფლიო ბანკის კვლევით, 2018 წლისთვის საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი 6.8%-ით შემცირდება

მსოფლიო ბანკის მნიშვნელოვანი კვლევის „სიღარიბის შემცირების უკანასკნელი ტენდენციები საქართველოში“ თანახმად, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლები 4 წლის განმავლობაში ზედიზედ მცირდება.

ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, კვლევის თანახმად, 2014 წლისთვის ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 32.3 (1.4 მლნ.) პროცენტია სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, როდესაც ეს მაჩვენებელი 2013 წელს 36 პროცენტს (1.6 მლნ-ს), 2012 წელს 42.5 პროცენტს (1.9 მლნ-ს), ხოლო 2011 წელს 44.8 პროცენტს (2.0 მლნ-ს) უტოლდებოდა.

2012 წელთან შედარებით 2014 წელს დაახლოებით 500,000-მა ადამიანმა დააღწია თავი უკიდურეს სიღარიბეს.

როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, 2010-2014 წლებში სიღარიბის მაჩვენებლების შემცირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავლებმა, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდება 2010 წლამდე არსებული მდგომარეობისგან, როცა სოციალური ტრანსფერები თამაშობდა უფრო მნიშვნელოვან როლს სიღარიბის შემცირებაში.

მინისტრის თქმით, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია მთავრობის პოლიტიკა, რომლის მიზანია სიღარიბის მაჩვენებლის შემცირება მოსახლეობაში.

მსოფლიო ბანკის მიერ სიღარიბის შემცირების მამოძრავებელ ფაქტორებად დასახელდა - ეკონომიკურ შესაძლებლობებზე ინკლუზიური ხელმისაწვდომობა, სოფლის განვითარებაზე მეტი ყურადღება და ფისკალური პოლიტიკის როლი.

მსოფლიო ბანკის შეფასებით 2014 წელს შემცირდა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის რაოდენობა. 2014 წელს საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 32.3 პროცენტი (1.4 მილიონი ადამიანი (მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით) ხარჯავს დღიურად 2.5 აშშ დოლარზე ნაკლებს, რაც ბოლო 9 წლის განმავლობაში სიღარიბის დონის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. სიღარიბის მაჩვენებლის ყველაზე მაღალი ნიშნული 2010 წელს დაფიქსირდა და 46.7 პროცენტი (2.1 მილიონი ადამიანი) შეადგინა.

”ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო ბანკის შეფასებით, სიღარიბის მაჩვენებლის შემცირება კვლავ გაგრძელდება შემდეგ წლებშიც და 2018 წლისათვის 6.8 პროცენტული პუნქტით შემცირდება და სიღარიბის ზღვარზე მყოფი მოსახლეობის მაჩვენებელი 25.5 პროცენტს გაუტოლდება.

აღსანიშნავია, რომ მსყიდველუნარიანობის პარიტეტზე დაყრდნობით დათვლილი სიღარიბის აღნიშნული მაჩვენებელი კლების ტენდენციით ხასიათდება როგორც თბილისში, სადაც 2014 წელს 17.2 პროცენტი შეადგინა, ასევე ქვეყნის სხვა ქალაქებში და სოფლად, სადაც ეს მაჩვენებელი, შესაბამისად 25.4 პროცენტი და 42.8 პროცენტს შეადგენს.

იმ ფონზე, რომ წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა იმ მოსახლობის წილი მთლიან მოსახლობაში, რომელიც დღეში 2.5 აშშ დოლარზე ნაკლებს ხარჯავდა, გაიზარდა იმ მოსახლეობის ხვედრითი წილი, რომლებიც დღიურად 5-10 აშშ დოლარს ან 10 აშშ დოლარზე მეტს ხარჯავს”, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, 2014 წელს საქართველოს მოსახლეობის 1.4 მილიონი 2.5 აშშ დოლარზე მეტს ვერ ხარჯავდა, ხოლო ეს მაჩვენებელი 2010 წელს მნიშვნელოვნად მაღალი იყო და 2 მილიონს ადამიანს აღემატებოდა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2014 წლის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობის 7%, რაც 314 ათას მოსახლეზე მეტია, დღიურად 10 აშშ დოლარზე მეტს ხარჯავს, რაც წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, ასევე, მილიონს აღემატება იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც დღეში საშუალოდ 10 აშშ დოლარამდე ხარჯავენ.

მსოფლიო ბანკის შეფასებით, სიღარიბის მაჩვენებლების შემცირებაზე დადებითად მოქმედებს მოსახლეობის შემოსავლების ზრდა, კერძოდ, 2010 წელთან შედარებით 2014 წელს ქვეყანაში 8%-ით გაიზარდა შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ შემოსავლების ზრდა თბილისის გარდა, ასევე, მნიშვნელოვნად მაღალი დაფიქსირდა, როგორც ქვეყნის სხვა ქალაქებში, ასევე სოფლად.

”მსოფლიო ბანკის შეფასებით, სიღარიბის შემცირების ფაქტორებად საშუალო თვიური შემოსავლის ზრდა (8%), ეკონომიკური აქტივობა (11.11%) და ტრანსფერები სახელდება (8.57%).

აღსანიშნავია, რომ 2010-2014 წლებში ზრდა დაფიქსირდა ეკონომიკის ყველა სექტორში. ეკონომიკურმა ზრდამ კი ასახვა ჰპოვა როგორც ხელფასების ზრდაში, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში, განსხვავებით 2010 წლამდე პერიოდისგან. ეკონომიკურმა ზრდამ ასევე ხელი შეუწყო ეკონომიკურ შესაძლებლობებზე ღარიბების ხელმისაწვდომობის ზრდას. 2010-2014 წლებში ღარიბთა დასაქმების დონე გაიზარდა 50.7%-დან 56.6%-მდე, თუმცა შემცირდა ღარიბ დასაქმებულთა რაოდენობა, რადგან თვითონ ღარიბი მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა.

მსოფლიო ბანკის კვლევა ასევე ყურადღებას ამახვილებს 2006-2014 წლებში სიღარიბის დონის შემცირებაზე სოფლად, რაც პირდაპირ უკავშირდება ეკონომიკურ ზრდას სოფლად და სოფლის მეურნეობის სექტორში. ამასთანავე მოხდა სოფლად დასაქმების ზრდა არასასოფლო-სამეურნეო სექტორშიც (მათ შორის: მომსახურების, მშენებლობის და მრეწველობის სექტორში).

2012 – 2014 წლებში რეალურ მაჩვენებლებში სოციალური დანახარჯების ზრდა მოხდა პენსიების, სოციალური და სხვა პირდაპირი ტრანსფერების ზრდის შედეგად. შესაბამისად საბიუჯეტო სახსრების გადანაწილებამ ხელი შეუწყო უთანასწორობის შემცირებას”, - განაცხადა ქუმსიშვილმა.