პაშა ბანკი ოიკოს-ის საზაფხულო სკოლის სპონსორია

1-5 სექტემბერს პაშა ბანკის მხარდაჭერით თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ოიკოს-ის საზაფხულო სკოლას უმასპინძლებს.

ოიკოს-ი არის საერთაშორისო სტუდენტური ორგანიზაცია, რომელიც 1987 წელს დაარსდა შვეიცარიაში და მხარს უჭერს მდგრადი ეკონომიკის და მენეჯმენტის განვითარებას მსოფლიოში.

საერთაშორისო საზაფხულო სკოლის თემატიკა იქნება: "განათლება უკეთესი მსოფლიოსთვის". პროექტში მონაწილეობას მიიღებს 30 ქართველი და უცხოელი მონაწილე. ლექცია-ვორქშოპების ჩასატარებლად მოწვეული არიან უცხოელი და ქართველი პროფესორები და ფასილიტატორები.

ხუთდღიანი პროექტის მიზანია სტუდენტებისთვის და პროფესორებისთვის მენეჯმენტის თანამედროვე მეთოდების გაცნობა და სწავლებაში ინტეგრირება. საზაფხულო სკოლის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ექნებათ, განავითარონ ლიდერული უნარ-ჩვევები, რომელთაც გამოიყენებენ როგორც საკუთარი, ასევე საზოგადოების კეთილდღეობისთვის. ლექციების ფარგლებში განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა: პლანეტაზე ზრუნვა, ხალხთა შორის თანამშრომლობა, მომხმარებელზე ორიენტირებული ორგანიზაციების შექმნა, თანამშრომლების კეთილდღეობა და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ოიკოს-ის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი საზაფხულო სკოლა უკვე მესამედ ტარდება საქართველოში.

"პაშა ბანკი რეგულარულად აფინანსებს ისეთ პროექტებს, რომლებიც მიმართულია ქვეყანაში განათლების და პროფესიონალიზმის ასამაღლებლად. საზაფხულო სკოლის ფარგლებში საკმაოდ აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებზე ხდება ფოკუსირება, რაც, მიგვაჩნია, რომ სასარგებლოდ წაადგებათ მონაწილეებს და მნიშვნელოვან ცოდნას და გამოცდილებას შემატებს მათ." - აღნიშნა ანანო ქორქიამ, პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა.

"განათლება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ოიკოს-ი ყოველწლიურად 500-ზე მეტ პროგრამას ახორციელებს მსოფლიოს 30 ქვეყანაში. საზაფხულო სკოლის თემატიკა აქტუალურია დღევანდელ მსოფლიოში და განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში. დღევანდელი სტუდენტები სწორედ მომავალი გადაწყვეტილების მიმღებები არიან, შესაბამისად მნიშვნელოვანია მათი მომზადება მომავალი გამოწვევებისთვის. ამ ყველაფრის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ჩვენი პარტნიორები და დონორები. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით პაშა ბანკს მათი უანგარო მხარდაჭერისთვის." - ანი ლომოური, ოიკოს Summer school 2016-ის დირექტორი.