"საქართველო ჩემს ფიქრებში: ღვინის ტურიზმის მომავალი ღვინის სამშობლოში"

„საქართველო ჩემს ფიქრებში: ღვინის ტურიზმის მომავალი ღვინის სამშობლოში“ - ამ სათაურით ამერიკული ჟურნალი The Wine Economist ქართული ღვინის შესახებ სტატიას აქვეყნებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ავტორი მაიკლ ვესეტი საქართველოში დაგეგმილი ღვინის ტურიზმის პირველი გლობალური კონფერენციის შესახებ წერს და მკითხველს ღვინის ექსპერტების მოსაზრებებს უზიარებს.

„უახლოეს დღეებში საქართველოში ჩავალთ, სადაც ღვინის ტურიზმის გლობალური კონფერენცია იმართება. ჩვენ შევეცადეთ საქართველოს, ქართული ღვინის და ღვინის ტურიზმის ინდუსტრიის შესახებ ყველაფერი შეგვესწავლა. გაგაცნობთ სამ მოსაზრებას, რომელიც ვფიქრობ ძალიან გამოსადეგია.”

„საბოლოო ზღვარი“

"ჯორჯ ტაბლერმა მთელი საუკეთესო პერიოდი მსოფლიოს გარშემო ღვინის ტურიზმის შესწავლაში გაატარა. დაწერა წიგნი და ეწვია სხვადასხვა ადგილებს, რომელიც ღვინის ტურიზმის რუკაზეა დატანებული, მათ შორის ბურგუნდია, ბორდო, ტოსკანა. მისი მონაცემები ძალიან საინტერესოა. საქართველოს შესახებ კი წიგნის საბოლოო თავში წერს. ტაბლერი ქართული ღვინით მოიხიბლა, ის აღწერს ღვინის დამზადების ტრადიციულ მეთოდებს, ქვევრს, სუფრას, ღვინის სმის წესებს და ტრადიციებს.”

„ღვინის ტურიზმი როგორც ეკონომიკის განვითარების სფერო“

ჟურნალისტი მაიკლ ვესეტი კოლეგა კიმ ანდერსონის საქართველოში მოგზაურობას იხსენებს, რომელიც რამდენიმე წლის წინ ეწვია და ქართული ღვინის ინდუსტრიის პოტენციალი გამოიკვლია.

„ანდერსონის ნაშრომი „საქართველო ღვინის აკვანი, ღვინის ახალი ექსპორტიორი ქვეყანა“ ნამდვილად კარგი საკითხავია. ანდერსონმა აღმოაჩინა, რომ ქართული ღვინის ბაზარი საკმაოდ მრავალფეროვანია. მისდა გასაკვირად ადგილობრივ ბაზარზე უდიდესი მოთხოვნაა სახლში დამზადებულ ტრადიციულ ღვინოზე. ღვინის ხარისხის გაუმჯობესების შედეგად ექსპორტი გაიზარდა აშშ-ში, კანადაში, დიდ ბრიტანეთში და ა.შ. რუსეთისგან განსხვავებით ამ ქვეყნებში ხარისხზე განსხვავებული მოთხოვნაა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ბაზრებია: რუსეთი, უკრაინა, ჩინეთი, ყაზახეთი და პოლონეთი. მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვნად გაიზარდა ექსპორტი გერმანიაში, დიდ ბრიტანეთსა და კანადაში. ანდერსონის აზრით, ინდუსტრიისა და სოფლის მეურნეობის განვითარება ქართული ღვინის ექსპორტს კიდევ უფრო გაზრდის. ანდერსონი განსაკუთრებით დაინტერესდა ღვინის ტურიზმით, ამ სფეროს აქვს უდიდესი პოტენციალი, რომ სოფლად გაზარდოს სამუშაო ადგილები და შემოსავლები. კიმ ანდერსონის აზრით, საქართველოს გადაწყვეტილება, უმასპინძლოს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ღონისძიებას, არის თანმიმდევრული და პრიორიტეტული გადაწყვეტილება. ანდერსონის აზრით, საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ღვინისმოყვარულ ტურისტთა მოსაზიდად ანდერსონი სპეციფიკურ რეკომენდაციებს იძლევა, საუბარია მარნების განვითარებაზე.“

„უკან, ღვინის მომავალში“

„სანამ ანდერსონი ეკონომიკის განვითარებას განიხილავს, ნატურალური ღვინის მოყვარული ალისა ფირინგი ქართული ღვინის სულზე ზრუნავს. ფირინგი თავის წიგნში „ღვინის სიყვარულისთვის“ დიდ დროს უთმობს ქართულ ღვინოს და ღვინისმწარმოებლებს. ალისა შიშობს, რომ ტრადიციულ ღვინოს ახალი საფრთხე ემუქრება. ამერიკის, ბრიტანეთისა და ევროპის ბაზრებზე საერთაშორისო ნორმებით დაცულ ღვინოს ითხოვენ, რომელსაც მრავალი დანამატი აქვს. ალისა ფირინგის აზრით, რუსული კომუნიზმი და საერთაშორისო კაპიტალიზმი ტყუპები არიან, რომლებიც დაბადების შემდეგ განცალკევდნენ. ალისა შიშობს, რომ ორივე სისტემა ცალცალკე ანადგურებს ღვინის არსს. ფირინგი ტრადიციულ მეღვინეობას მხარს უჭერს.

ნატურალური ღვინის მოძრაობა ფართო მასშტაბებს იძენს, სავარაუდოდ, ღვინის ტურიზმი ვიზიტორებს ქართული ღვინის ელჩებად აქცევს. ამ ყველაფერს მე ახლა ვსწავლობ და ვიკვლევ, საქართველო აშკარად ჩემს ფიქრებშია“, - აცხადებენ ექსპერტები.

სტატიის ბოლოს ავტორი მადლობას უხდის საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას და მის თანამშრომლებს: ნინო ტურაშვილს და ვიქტორია კობერიძეს.

The Wine Economist ღვინის ჟურნალებს შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე პოპულარული გამოცემაა.