რა პოტენციალი აქვს ეკოტურიზმის განვითარებას საქართველოში

ეკოტურიზმი თანამედროვე მსოფლიოში ტურიზმის ერთ-ერთი გამორჩეული და პერსპექტიული სახეობაა.

ურბანიზაციის სწრაფად მზარდი პროცესის საპასუხოდ, ბუნებაში დასვენება და ადამიანის მიერ ჯერ კიდევ ხელშეუხებელ ადგილებში - დაცულ ტერიტორიებზე - მოგზაურობა სულ უფრო პოპულარული ხდება.

ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ვიზიტორი სტუმრობს საქართველოს დაცულ ტერიტორიებსაც. საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წელს პრომეთეს მღვიმე მოინახულა 95 581-მა ვიზიტორმა, ყაზბეგის ეროვნული პარკი - 87 958-მა, სათაფლია - 59 508-მა, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი - 37 044-მა, ოკაცეს კანიონი - 35 933-მა, ხოლო მარტვილის კანიონი - 32 842-მა ვიზიტორმა. ამ უნიკალურ ადგილებს მოსდევს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები და მტირალას ეროვნული პარკი, თბილისის, კოლხეთისა და ალგეთის ეროვნული პარკები, თუშეთის, ვაშლოვანის და ქობულეთის დაცული ტერიტორიები.

ბოლო წლებში ეკოტურიზმის მიმდევართა ზრდის ტენდენცია აშკარაა, მაგრამ საქართველოს ამ მხრივ უფრო დიდი პოტენციალი აქვს - აცხადებენ ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები.

„ბიზნესპრესნიუსი“ ამ თემაზე საერთაშორისო ტურისტული პროექტების კონსულტანტს - ლელა ხარტიშვილს ესაუბრა:

„საქართველოს ტერიტორიის 8,5% დაცული ტერიტორიაა. ეკოტურიზმის ამ მიმართულებას ჩვენი სახელმწიფო სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევს. უკვე არსებულთან ერთად, ახალი დაცული ტერიტორიების შექმნაზეც არის საუბარი, კერძოდ, რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში. ამ მხრივ დაცული ტერიტორიების სააგენტოს და სახელმწიფოს საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს და თუ ეს გეგმები შესრულდება, დაცულ ტერიტორიებს კიდევ მნიშვნელოვანი ტერიტორია მიემატება. თუ სტატისტიკას დავაკვირდებით, ყველაზე მეტი მნახველი იმერეთში არსებულ პრომეთეს მღვიმეს და სათაფლიას ჰყავს, თუმცა ეს უფრო ტურისტული ობიექტებია და არა - დაცული ტერიტორიები. თუ შევადარებთ მტირალას ეროვნულ პარკს, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიას, ან ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს, იქ ვიზიტორთა რაოდენობა შედარებით მცირეა, თუმცა მათი რიცხვი ყოველწლიურად იზრდება“, - ამბობს ლელა ხარტიშვილი.

მისი თქმით, ძალიან კარგია, რომ დაცულ ტერიტორიებს უფრო მეტად ადგილობრივი მოქალაქეები სტუმრობენ.

„მართალია, ჩვენს დაცულ ტერიტორიებს მრავალი უცხოელი სტუმრობს, თუმცა ეკოტურიზმის მოყვარულთა რიცხვი შიდა ტურისტების ანუ ადგილობრივი მოქალაქეების ხარჯზე იზრდება. მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ასე ხდება. კარგია, რომ ჩვენი მოსახლეობა ცდილობს ხელუხლებელი ბუნების სანახავად თავისი დრო და თანხა გამოყოს. ამის დასტურია ის, რომ ყველა დაცულ ტერიტორიას, სადაც არის კოტეჯი, სასტუმრო, ან მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, ყოველ წელს უფრო მეტი მომხმარებელი ჰყავს. კიდევ შეიძლება ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდა, თუ ამ ადგილებში შესაფერისი პირობები და ინფრასტრუქტურა შეიქმნება. დაცული ტერიტორიების განვითარება იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ იქ მცხოვრებ მოსახლეობას შემოსავლის წყარო უჩნდება, ეს ყველაზე ეფექტიანი გზაა ადგილზე მცირე ბიზნესის განვითარებისთვის. ეკოტურიზმზე მოთხოვნა თანამედროვე მსოფლიოში სწორედ იმიტომ გაჩნდა, რომ სულ უფრო მეტ ოჯახს სურს ჯანსაღ და სუფთა გარემოში დაისვენოს. ოღონდ ტურისტებს დასვენებისთვის საჭირო მინიმალური პირობები მაინც უნდა შევთავაზოთ“, - აღნიშნავს ლელა ხარტიშვილი.

საქართველოს ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ია თაბაგარი აცხადებს, რომ ვიზიტორთა რაოდენობა მატულობს, მაგრამ ჩვენს ქვეყანას ამ მიმართულებით უფრო დიდი პოტენციალი აქვს.

მისი თქმით, არ არის აუცილებელი, რომ დაცულ ტერიტორიაზე უმაღლესი დონის სასტუმროები იყოს, მაგრამ ელემენტარული საცხოვრებელი პირობებია საჭირო.

„ამ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენი პოტენციალი ამ სფეროში ძალიან მაღალია, მაგრამ მთავარი პრობლემა ბიუჯეტის ნაკლებობაა. საქართველოს კანონით, დაცული ტერიტორიები ცენტრალიზებულია. ადრე თუ გვიან უნდა შევძლოთ, რომ თითოეულ მათგანს საკუთარი ბიუჯეტი ჰქონდეს. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ დაცული ტერიტორიის შენახვა ძალიან ძვირი ჯდება და ის მხოლოდ ვიზიტორებისგან შემოსული თანხით ვერ იარსებებს, ამიტომ სახელმწიფო დოტაცია აუცილებელია. ჩვენს დაცულ ტერიტორიებს ძალიან კარგად ეხმარებიან უცხოური ორგანიზაციები, მაგრამ ეს დახმარება უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. ამიტომ, ისეთი მოდელი უნდა მოიძებნოს, როდესაც დაცული ტერიტორია თავის თავს შეინახავს და ვიზიტორებისთვისაც უფრო მიმზიდველი იქნება. ეკოტურიზმის ამ მიმართულებას ჩვენს ქვეყანაში დიდი ისტორია არა აქვს და იმედი მაქვს, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენი დაცული ტერიტორიები სულ უფრო მეტი ადამიანისთვის იქნება სასურველი როგორც უცხოეთში, ასევე საქართველოში“, -

ამბობს ია თაბაგარი.

ხათუნა ჩიგოგიძე