აგვისტოში ინფლაციის დონემ წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 0,9% შეადგინა

2016 წლის აგვისტოში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 0,4%, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით (წლიური ინფლაციის დონე) 0,9% შეადგინა.

”საქსტატის” ინფორმაციით, 2010 წლის საშუალოსთან შედარებით სამომხმარებლო ფასების ინდექსი 16,2 პროცენტით გაიზარდა.

მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების 1,4-პროცენტიანმა მატებამ სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,42 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ხილისა და ყურძნის (13,7 პროცენტი), რძის, ყველისა და კვერცხის (3,0 პროცენტი) და ბოსტნეულისა და ბაღჩეულის (2,0 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; დასვენების, გართობის და კულტურის ჯგუფზე ფასები გაიზარდა 0,9 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,06 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების მატება ძირითადად დაფიქსირდა გასართობი და კულტურული მომსახურების ქვეჯგუფზე (1,1 პროცენტი); ფასების 0,7-პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფზე, რაც ინფლაციის მაჩვენებელზე -0,07 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-2,6 პროცენტი).

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 11,9 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,73 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმის (19,7 პროცენტი), ასევე ალკოჰოლური სასმელების (5,6 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 3,3 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,32 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების მატება დაფიქსირდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (8,2 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურების (2,0 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ფასები გაიზარდა 4,6 პროცენტით და ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,18 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა საზოგადოებრივი კვების ქვეჯგუფზე (5,3 პროცენტი); მოცემულ პერიოდში ფასების 7,7-პროცენტიანი კლებაა ტრანსპორტის ჯგუფზე, რაც -0,92 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში. ფასები ძირითადად შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-16,5 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-12,2 პროცენტი).