დიმიტრი ქუმსიშვილი - ბოლო სამი წლის განმავლობაში 508 სასტუმრო შევიდა ექსპლუატაციაში

მხოლოდ 2013-2015 წლებში ექსპლუატაციაში შევიდა მთლიანი სასტუმროების რაოდენობის 41,5%, ანუ პრაქტიკულად, საქართველოში არსებული სასტუმროების ნახევარი სწორედ ”ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში შეიქმნა

, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომელმაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, გიორგი ჩოგოვაძესთან ერთად 2016 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი შეაჯამა.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანი დაზუსტება სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გააკეთა. მისი მონაცემებით, 2015 წელს 172 ახალი სასტუმრო შევიდა ექსპლუატაციაში. დღეს საქსტატის მონაცემებით, საქართველოში სულ 1225 სასტუმროა.

”შესაბამისად, მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში, ”ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში 508 სასტუმრო შევიდა ექსპლუატაციაში. ამ მონაცემებში ჩვენ არ შეგვყავს 2012 წელს ექსპლუატაციაში შესული სასტუმროების რაოდენობა. საერთო ჯამში, 3 წელიწადში საქართველოს მასშტაბით 508 სასტუმრო შევიდა ექსპლუატაციაში, რაც 58%-ით აღემატება 2012 წლის ჩათვლით ექსპლუატაციაში შესული სასტუმროების რაოდენობას. მხოლოდ 2013-2015 წლებში ექსპლუატაციაში შევიდა მთლიანი სასტუმროების რაოდენობის 41,5%, ანუ პრაქტიკულად, საქართველოში არსებული სასტუმროების ნახევარი შეიქმნა სწორედ ჩვენი ხელისუფლების მმართველობის პირობებში და ეს არის სწორედ ის შედეგი, რომელიც მოჰყვა ჩვენს შრომას, რამაც შექმნა განსაკუთრებული საინვესტიციო პირობები და ის შესაძლებლობები, რომ ადამიანებს და კომპანიებს განეხორციელებინა თავისი ინვესტიციები”, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

რაც შეეხება 2016-2017 წლის გეგმებს, მისივე თქმით, კერძო ბიზნესთან კომუნიკაციის შედეგად, არის 1,1 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიციების მოლოდინი.

”ეს არის პრაქტიკულად, დაწყებული, იდენტიფიცირებული პროექტები. ეს არის ის დამატებითი სამუშაო ადგილები, რომელიც ჩვენთვის ყველასთვის მნიშვნელოვანია. ეს არის შედეგი იმ ბიზნესკლიმატის, რომელიც ჩვენ ამ ქვეყანაში შევქმენით. 60-ზე მეტი ახალი განთავსების ობიექტი შეიქმნება, რაც დამატებით 3 800-ზე მეტ საწოლ ადგილს გულისხმობს”, - განაცხადა ქუმსიშვილმა.