გიორგი ჩოგოვაძე - ზაფხულის სეზონისთვის მარკეტინგულ აქტივობებში დაახლოებით 15 მილიონი ლარი დაიხარჯა

ზაფხულის სეზონისთვის მარკეტინგულ აქტივობებში სხვადასხვა მიმართულებით დაახლოებით, 15 მილიონი ლარი დაიხარჯა , - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა, რომელმაც პირველ ვიცე-პრემიერ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ, დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად 2016 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი შეაჯამა.

როგორც გიორგი ჩოგოვაძემ აღნიშნა, 8 თვეში ტურისტთა რაოდენობა 17.4%-ით, საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა კი 8.2%-ით გაიზარდა.

მისივე თქმით, საქართველოში ძალიან წარმატებული ზაფხულის სეზონი იყო. ის გამორჩეული და რეკორდულია როგორც ტურისტების რაოდენობის, ასევე შემოსავლების თვალსაზრისით.

”ეს გახლავთ მთელი მთავრობის ძალიან აქტიური ჩართულობისა და რა თქმა უნდა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მუშაობის შედეგი. ჩვენ მომავალში გავაგრძელებთ ტურიზმის განვითარებას. 2016 წელის 7 თვის მონაცემები და წინასწარი პროგნოზები გამორჩეული და რეკორდული იქნება”, - განაცხადა ჩოგოვაძემ.

მისივე თქმით, ზაფხულის სეზონისთვის დაახლოებით, 15 მილიონი ლარი დაიხარჯა სხვადასხვა მიმართულებით, როგორ მარკეტინგულ კამპანიებში, ასევე საერთაშორისო გამოფენებში, სატელევიზიო პროექტებში და ჟურნალისტების ჩამოყვანაში.

”ჩვენ დაახლოებით, 5 ნახევარ მილიონ ლარს დავხარჯავთ უკვე ზამთრის სეზონის საპრომოციოდ და ჯამში ეს მონაცემები, ყველაფერი აისახება ტურისტების რაოდენობასა და ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებზე”, - განაცხადა ჩოგოვაძემ.