Ferrari უკანასკნელ LaFerrari -ს აუქციონზე გაყიდის

იტალიური სპორტული ავტომობილების მწარმოებელი კომპანია "ფერარი" მოდელ Laferrari-ის უკანასკნელ მე-500 ეგზემპლარს აუქციონზე გაყიდის.

ავტომობილ LaFerrari-ის გაყიდვიდან მიღებულ თანხას იტალიური ავტომწარმოებელი 24 აგვისტოს, იტალიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გადარიცხავს.

950-ცხენისძალიანი LaFerrari-ის წარმოება ჯერ კიდევ 2015 წელს დასრულდა, მაგრამ ექსტრა მოდელი სწორედ აუქციონზე გასატანად შეიქმნა. ასეთი მწირი წარმოების შედეგად ავტომობილი თავის დროზეც 1,5 მილიონ დოლარი ღირდა, ხოლო უკვე ნახმარი მოდელების ყიდვა ბაზარზე 3,5-4 მილიონ დოლარად არის შესაძლებელი. შესაბამისად, ამ ჰიპერ-ავტომობილის უკანასკნელი ეგზემპლარი აუქციონზე შესაძლოა, რეკორდულ თანხად გაიყიდოს.

"ფერარისთვის" აუციონზე ქველმოქმედების მიზნით ავტომობილის გაყიდვა უცხო არ არის. 2004 წელს კომპანიამ ინდოეთის ოკეანეში მომხდარი მიწისძვრისა და მისგან გამოწვეული დამანგრეველი ცუნამის შედეგად დაზარალებულთათვის Ferrari Enzo-ს ასევე უკანასკნელი ეგზემპლარი 6,05 მილიონ დოლარად გაყიდა. დაახლოებით ამდენივეს ვარაუდობენ ამ აუქციონზეც, თუმცა კომპანიას ჯერ კონკრეტულად არ გადაუწყვეტია, რომელი სააუქციონო სახლი მოაწყობს „ვაჭრობას“ და როდის.

მომავალი წლიდან "ფერარი" LaFerrari-ის კაბრიოლეტის წარმოებას დაიწყებს. ახალ მოდელს LaFerrari Aperta ერქმევა და მისი პრემიერა რამდენიმე კვირაში პარიზის ავტოშოუზე მოხდება.

კოკა კვირკველია