საქართველოში ახალი საინვესტიციო ფონდი შეიქმნება

სექტემბრის ბოლოდან საქართველოში ახალი საინვესტიციო ფონდი დაიწყებს ფუნქციონირებას. ფონდის ხელმძღვანელის თემო ჭეიშვილის განცხადებით, ფონდი „თიბისი ბანკის“ ხელშეწყობით შეიქმნება.

ფონდის სტრუქტურა ვროპულია და ის ევროპულ რეგულაციებს დაექვემდებარება. ფონდის ფუნქცია კი მოზიდული თანხების წინასწარგანსაზღვული საინვესტიციო პოლიტიკის მიხედვით დაბანდება იქნება.

,,ფონდი მოუტანს გარკვეულ შემოსავალს როგორც ქართველ, ისე უცხოელ ინვესტორებს და ეს შემოსავალი, რა თქმა უნდა, უფრო მაღალი იქნება, ვიდრე დეპოზიტზე თანხის განთავსებისას. ფიზიკურ და კორპორატიულ კლიენტებს საშუალება ექნებათ, მოიგონ მეტი თანხა კაპიტალის დაბანდებისას, ვიდრე იგებენ დეპოზიტზე განთავსების შემთხვევაში. ჩვენი მიზანია ინვესტორებისთვის ფონდში განთავსებულ თანხაზე სუფთა მოგება იყოს 7% ან მეტი”, -აღნიშნავს თემო ჭეიშვილი.

თემო ჭეიშვილის განმარტებით, მსგავსი ტიპის საინვესტიციო ფონდის ანალოგი ყოფილ პოსტსაბჭოთა სავრცეში მხოლოდ ბალტიისპირეთშია.

,,მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ ახლო მომავალში ფონდში ფულის განთავსება ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ. აქ არანაირ ელიტიზმს არ აქვს ადგილი, უბრალოდ, ძალიან რთულია პატარა დაბანდებების ადმინისტრირება. ჩვენ გვსურს წვრილ კლიენტებსაც იგივე საინვესტიციო სტრატეგიაზე ჰქონდეთ წვდომა, რაზეც მსხვილ კლიენტებს ექნებათ”, - აღნიშნავს თემო ჭეიშვილი.

ქრისტინე გამთენაძე