კომპანია "გიუანის" ღვინოები ბერლინის ღვინის ფესტივალზე ოქროს მედლით დაჯილდოვდა

ბერლინის ღვინის ფესტივალზე ქართულმა ღვინის კომპანიამ „გიუანი“ ორი ოქროს მედალი მოიპოვა.

როგორც კომპანია „გიუანის“ დირექტორმა თორნიკე თუშიშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, წელს ფესტივალში 9500-ზე მეტი ღვინო მონაწილეობდა, ხოლო ჟიურის წევრების რაოდენობა 150-მდე იყო.

"სულ რაღაც ორი წელია, რაც ბაზარზე გამოვჩნდით და 9500 ღვინოში ორი ოქროს მედალი უკვე მივიღეთ. ერთი მედალი მიიღო თეთრმა მშრალმა ღვინომ „მანავი“, რომელიც ადგილწარმოებულია. ჩვენი საწარმოც სოფელ მანავში მდებარეობს. მეორე ოქროს მედალი კი წითელმა მშრალმა ღვინომ „საფერავი კაბერნემ" მიიღო.

ღვინის შეფასებისას ძალიან მრავალი კრიტერიუმი არსებობს - დაწყებული ფერით დამთავრებული მისი ქიმიური ანალიზით. დეგუსტაციის დროს დეგუსტატორებმა არ იციან, რომელ ღვინოს სინჯავენ. გასინჯვის დროს დეგუსტატორებს წინ უდევთ ქიმიური ანალიზი, რასაც ადარებენ რამდენად არის ყველაფერი ნორმაში“, - განაცხადა თორნიკე თუშიშვილმა.

ბერლინის ღვინის ფესტივალი 2004 წლიდან ტარდება და ყოველწლიურად მონაწილეთა რაოდენობაც იზრდება.

ფესტივალი მეღვინეობისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV პატრონაჟით ჩატარდა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციაა.

ლიკა ამირაშვილი