სახელმწიფო პროგრამების დახმარებით შეიქმნა 150 ახალი და გაფართოვდა 700-ზე მეტი საწარმო

ქართულ პროდუქციას გახსნილი აქვს ევროპული ბაზარი, ბევრი მეზობელი ქვეყნის ბაზარი და მთავრობა ჩინეთის ბაზრის გახსნის მიმართულებითაც მუშაობს , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ, დარჩელში, მეწარმეებთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც  მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს, ეს არის ძალიან პერსპექტიული ბაზარი და ძალიან სასიხარულოა, რომ დღეს ორ მილიონ ბოთლზე მეტი ღვინო ჩინეთის ბაზარზე იყიდება.

”ეს არის ძალიან დიდი დივერსიფიკაციის, ანუ რისკების გადანაწილების პროცესი, რომელიც საქართველოს სავაჭრო პოტენციალს ერთი-ორად, ერთი-სამად გაზრდის და დაგვირგვინდება იმით, რომ მეტი მოთხოვნა იქნება ჩვენს ადგილობრივ პროდუქციაზე, ბევრი ადამიანის ოჯახში მივა კეთილდღეობა და ბევრი ადამიანის ოჯახი გაიხარებს ამ შესაძლებლობებით, რომელიც შექმნილია თქვენთან ერთად, მთავრობის ინიციატივით. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის მონაწილები ვართ, თითოეულ ჩვენგანს დადებული აქვს ძალიან მნიშვნელოვანი აგური ამ ცვლილების პროცესში და ეს უნდა გავაგრძელოთ. თქვენ იქნებით პიონერები ამ დიდი ცვლილებისა საქართველოში. თქვენ იქნებით მასწავლებლები ყველა დანარჩენისთვის. თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანები ხართ და დიდი სიხარულით მინდა ვთქვა, რომ თეთრი შურით მშურს თქვენი, რადგან თქვენ ხართ პირველები ამ დიდი ცვლილებების პროცესში. სწორედ ამიტომ, ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ამ დიდ პროცესს. ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენს მრავალრიცხოვან არმიას დაემატონ ახალი ინიციატივიანი, გამრჯე ადამიანები, რომლებიც საკუთარი ხელით შექმნიან საკუთარ ცხოვრებას. გამოიჩინეთ მეტი ინიციატივა, მოგვმართეთ და სახელმწიფო აუცილებლად მხარში დაგიდგებათ, იმიტომ რომ ძლიერი სოფელი არის ძლიერი საქართველო. ძლიერი კოოპერატივი არის კეთილდღეობა ყველა თქვენგანის ოჯახში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, ადგილობრივი მეურნეობების წახალისება, ქართული საწარმოო პოტენციალის შექმნა და საერთაშორისო მასშტაბის კონკურენტუნარიანობა მთავრობის პრიორიტეტად დარჩება, რათა სრულად წარმოჩინდეს ქვეყნის პოტენციალი და ამით გაბედნიერდეს თითოეული ოჯახი.

"დიდი მადლობა თქვენი ამ მნიშვნელოვანი საქმისთვის, ამ საქმეზე დგას საქართველოს ძლიერება", - მიმართა პრემიერმა მეწარმეებს.

მთავრობის მეთაურმა ასევე კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ოთარ დანელიას და აღნიშნა, რომ იგი მინისტრთა კაბინეტისთვის დიდი დანაკლისი იქნება.

"ძალიან მიხარია, რომ ოთარი არის ასეთი ძალიან მნიშვნელოვანი საქმეების სათავეში და დარწმუნებული ვარ, ოთარი ძალიან დიდი აქტივი იქნება საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსთვის - პარლამენტისთვის",- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

სახელმწიფო პროგრამების დახმარებით, უკვე შეიქმნა 150 ახალი და გაფართოვდა 700-ზე მეტი საწარმო; დარეგისტრირებულია 1638 კოოპერატივი, ხოლო დაზღვეულმა მიწის ფართობმა 37,587 ჰა შეადგინა.