ახლო მომავალში ლარის კურსის მკვეთრი რყევები გამორიცხულია

ეროვნული ვალუტის მკვეთრი გამყარების პერსპექტივის საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა.

სხვადასხვა მაკროეკონომიკურ ინდიკატორებზე დაყრდნობით ეკონომისტები აღარ ელოდებიან, რომ ეროვნული ვალუტა დოლარის მიმართ პოზიციებს დიდი მაჩვენებლით გაიუმჯობესებს. თუმცა, მოსახლეობას შეუძლია იმით დამშვიდდეს, რომ საგარეო ფაქტორების გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე იმდენად შემცირდა, რომ აღარც დიდი გაუფასურებაა მოსალოდნელი.

ბოლო წელიწადნახევრის შემდეგ 10 ივნისს საქართველოს სავალუტო ბაზარზე დოლარის მიმართ ყველაზე დაბალი კურსი - 2,12 ლარი დაფიქსირდა. ეროვნული ბანკის მსხვილი ინტერვენციების შემდეგ (250 მლნ დოლარი ამოიღო ბაზრიდან) ლარმა ისევ გაუფასურება დაიწყო. 9 აგვისტოს ლარის ოფიციალური კურსი 2,35 ნიშნულს მიუახლოვდა, რამაც მოსახლეობაში მორიგი პანიკაც და დაძაბულობა შექმნა. ეს ტენდენცია, ეროვნული ბანკის ჩარევის გარდა, საგარეო სახელმწიფო ვალების მომსახურებას დაბრალდა. ეკონომისტი მიხეილ დუნდუა აცხადებდა, რომ წლის მეორე ნახევარში ლარის გაუფასურების მთავარი მიზეზი საგარეო ვალის მომსახურება იყო.

"წელს საქართველოს კერძო და სახელმწიფო სექტორს, მთლიანობაში გადასახდელი ჰქონდა 4,780 მლრდ დოლარის საგარეო ვალი. ეს არის პიკური მაჩვენებელი და მთლიანი შიდა პროდუქტის 34%-ს შეადგენს. მისივე თქმით, ახლა ვალის დიდი ნაწილი ალბათ, უკვე გასტუმრებულია და ეროვნული ვალუტის კურსიც დასტაბილურებისკენ მიდის", - აღნიშნა მიხეილ დუნდუამ.

13 აგვისტოდან ლარმა დოლარის მიმართ ისევ პოზიციების გაუმჯობესება დაიწყო და 24 აგვისტოსთვის ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში 1 დოლარი 2,26 ლარად იყიდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში მკვეთრი მერყეობები არ შეინიშნებოდა, გაზაფხულის სწრაფი გამყარებით შეშინებულმა ეროვნულმა ბანკმა არ დააყოვნა და ლარის ხელოვნურად გასაჩერებლად 20 მილიონი დოლარი შეისყიდა. ეროვნულმა ვალუტამ მეორე დღესვე გაუფასურება დაიწყო. როგორც ჩანს, ეროვნულ ბანკში ჩათვალეს, რომ ამჯერად ზედმეტი მოუვიდათ და 22 აგვისტოს 2,284 ლარად გაყიდული 20 მილიონი დოლარი 25 აგვისტოს 2,2976 მილიონ ლარად იყიდეს. მანამდე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ ლარზე, აქამდე აკრძალული პროგნოზი გააკეთა და განაცხადა, რომ წლის ბოლოსთვის ეროვნული ვალუტა 2,2-2,25 ნიშნულის ფარგლებში გამყარდებოდა. ამჯერადაც, ეკონომისტთა ნაწილმა საგარეო ფაქტორების გაუმჯობესებასთან ერთად ეროვნული ვალუტის სტაბილურობა მიმდინარე საგარეო ვალდებულებების შემცირებით ახსნა.

"ვალის დიდი ნაწილის გადახდა, როგორც ჩანს, მოხდა და ამიტომაც ეროვნული ვალუტის კურსმა დაიწყო მცირედით გამყარება. ამაზე მოქმედებს გაზრდილი ინვესტიციები, მომატებული ფულადი გზავნილები და ასევე ტურისტული შემოსავლებიც. რადგან ვალის დიდი ნაწილი გადახდილია, დაიწყო მნიშვნელოვანი პროცესი, რასაც ლარის შეუქცევადი გამყარება ჰქვია. ჩემი გათვლებით, ეროვნული ვალუტა გააგრძელებს გამყარებას და ის სავარაუდოდ, 2,25-ის ნიშნულსაც ჩამოსცდება. ლარის გამყარება ახლა ხდება ზომიერად, რაც ბიზნესსაც აძლევს საშუალებას, რომ ამას მზად დახვდეს. ეს მოსახლეობისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან გამყარებული ლარი მათ სავალო ტვირთს შეამცირებს, განსაკუთრებით იმათთვის, ვისაც სესხი დოლარში აქვს აღებული", - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.

ეროვნულ ბანკში კი საგარეო ვალდებულებების ლარის კურსთან კავშირი კატეგორიულად უარყვეს და ქვეყანას ასეთი რაოდენობის ვალდებულებები ყოველ წელს რომ აქვს, სპეციალური გრაფიკის გამოქვეყნებით დაადასტურეს. ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ საგარეო ვალის გადახდის გრაფიკის სტატისტიკური ცხრილი ერთიანი საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით მზადდება და გრაფიკში ასახულია ყველა ვალი, მათ შორის ისეთიც, რომლის გადახდის ვალდებულება პრაქტიკულად არასდროს დადგება.

კერძოდ, გრაფიკში არის ის ვადებულებები, რომელიც არაუმეტეს ერთი წლის ვადაში უნდა დაიფაროს. ამასთანავე აქ იგულისხმება - "დაუყოვნებლივ გადასახდელი" ვალი, ეს ის ვალდებულებებია, რომლის გადახდის ვადა უკვე დამდგარია, უფრო მეტიც ვადაგადაცილებულიც კია.

ამასთან დაკაშვირებით სებ-ში განმარტავენ, რომ 1 მარტის მდგომარეობით საკმაოდ დიდი მოცულობის თანხა იყო გადასახდელი (დაახლოებით 1.6 მლრდ აშშ დოლარი 2016 წლის 31 მარტის მდგომარეობით), მათი უმრავლესობის გადახდა პრაქტიკულად არ ხდება.

"უფრო მეტიც, იმ დეპოზიტების მთლიანად გადახდა, რომლებიც ამ თანხის ძირითადი ნაწილია, არასდროს არ ხდება, ვინაიდან დეპოზიტების ნაწილი იფარება და მათ ნაცვლად ახალი დეპოზიტები მოიზიდება, ანუ, რეალურად, დეპოზიტების მოცულობა მუდმივად იზრდება", - განმარტავენ ეროვნულ ბანკში.

კომპანიათაშორისი სესხების შემთხვევაში კი ხშირია ვალის გადახდის ნაცვლად მისი სააქციო კაპიტალში გადატანის შემთხვევები. მაგალითისათვის, 2016 წლის პირველ კვარტალში ამ ტიპის მსხვილი ოპერაცია განხორციელდა - კომპანიათშორისი სესხიდან კაპიტალში გადაიტანეს 700 მილიონ დოლარამდე. თუ რომელ კომპანიაში მოხდა ეს ტრანზაქცია, კომერციულ საიდუმლოებად ითვლება. სებ-ში განმარტავენ, რომ ეს თანხა წლების განმავლობაში გრაფაში მითითებული იყო როგორც დაუყოვნებლივ გადასახდელი, მაგრამ გადახდის ნაცვლად ინვესტორმა იგი სააქციო კაპიტალში გადაიტანა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული გრაფიკის მიხედვით, ერთ წელზე ნაკლებ დროში გადასახდელი ვალი, 2012 წელში შეადგენდა 4,751 მილიარდ დოლარს. 2013 წელს - 4,777 დოლარს, 2014 წელს - 4,661 დოლარს, 2015 წელს - 4,780 მილიონ დოლარს. 2016 წლის 31 მარტის მდგომარეობით 4,223 მილიარდი დოლარი.

"ეს თანხა საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება, მაგრამ ეს არ არის ის ვალი, რომლეიც ქვეყანამ უნდა გადაიხადოს. ამ 4.7-4.8 მილიარდი დოლარიდან პრაქტიკულად არ ხდება დეპოზიტებისა (1,5 მილიარდი დოლარი) და ვადაგადაცილებული დავალიანების გადახდა (0.8 მილიარდი დოლარი). სავაჭრო კრედიტების (0.7 მილიარდი დოლარი) გადახდა ნაწილობრივ (დაახლოებით ნახევრის) საქონლისა და მომსახურების მიწოდებით ხდება. ხოლო დარჩენილი თანხა 1.5-1.8 მილიარდი დოლარი გრძელვადიანი და მოკლევადიანი სესხები და სავალო ფასიანი ქაღალდებია", - აღნიშნეს ეროვნულ ბანკში.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, ვალების გადახდის კუთხით ყველაზე კრიტიკული 2021 წელია, როდესაც ევრობონდების გადახდის დრო მოვა, თუმცა იმ დროისთვისაც შეიძლება ახალი ფასიანი ქაღალდების გამოშვებით ამ ძველი ვალის გადაფარვა.

ამასთანავე მესტვირიშვილმა "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" აღნიშნა, რომ ქართულ ეკონომიკაზე საგარეო ფაქტორების გავლენა შემცირებულია, აქედან გამომდინარე სები მომავალ წელს ეკონომიკის 5-პროცენტიან ზრდას პროგნოზირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ლარის კურსი თუ არ გამყარდება, არც გაუფასურდება და აღნიშნულ ნიშნულში სტაბილურობას შეინარჩუნებს.

ამასთანავე ხაზგასასმელია კიდევ ერთი დეტალი. ივლისში დოლარზე მცირედით მოთხოვნა შემცირდა. ოფიციალური მონაცემებით, იმ პერიოდში ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე დოლარი/ლარის ვაჭრობის მთლიანმა ბრუნვამ (ეროვნული ბანკის ინტერვენციების გარეშე) 82 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 4,1 მილიონი დოლარით (5 პორცენტით) ნაკლებია წინა თვის ბრუნვაზე, თუმცა 82 პროცენტით მეტი წინა წლების შესაბამისი თვის მონაცემზე. იმავდროულად კომერციულ ბანკებს შორის დადებული გარიგებების რაოდენობა 24 პროცენტით შემცირდა (წლიურად კი 71 პროცენტით გაიზარდა).

მაკა ვარადაშვილი

გაზეთი "ბანკები და ფინანსები"