გიორგი კვირიკაშვილი - ოთარ დანელიას სწორი მენეჯმენტით მნიშვნელოვანი შედეგები იქნა მიღწეული

ოთარ დანელიას სწორი მენეჯმენტით მნიშვნელოვანი შედეგები იქნა მიღწეული , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას მიერ ჩატარებული სამუშაოების შესახებ ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.

„შთამბეჭდავი პრეზენტაცია იყო. ეს პრეზენტაცია ასახავს ჩვენი მთავრობის მიდგომას ამ დარგის მიმართ. ეს დარგი გახლავთ ერთი მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით და მეორე – მას მნიშვნელოვანი სოციალური დატვირთვა აქვს, ვინაიდან ჩვენი მოსახლეობის ნახევარზე მეტი დასაქმებულია სოფლის მეურნეობაში. ამიტომ ყველა ეს პროგრამა, რომლებიც ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას, მათ შორის, ესენია: მცირე მეწარმეობის ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამა და საგაზაფხულო სამუშაოები, შეღავათიანი აგროკრედიტი, კოოპერატივების დახმარების პროგრამა, მევენახეობა-მეღვინეობის წახალისების პროგრამა, გადამამუშავებელი და მეორადი დამატებითი ღირებულების მიცემის კუთხით საწარმოების შექმნა, მეურნეობის დახმარება და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი თვისობრივად ცვლის სოფლის მეურნეობის მიმართულებას. ეს არის ახალი სამუშაო ადგილები და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პრეზენტაცია ძალიან შთამბეჭდავი იყო“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც დღემდე ამ მიმართულებით წარმატების მიღწევაში იღებდა მონაწილეობას.

კვირიკაშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სოფლის მეურნეობის მინისტრს ოთარ დანელიას, რომელმაც „სწორი მენეჯმენტის შედეგად მნიშვნელოვანი შედეგები მიიღო“.

კვირიკაშვილმა დანელიას საკანონმდებლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„მინდა წარმატებები ვუსურვო ოთარ დანელიას საკანონმდებლო საქმიანობაში, სადაც არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები, ევროპასთან საკანონმდებლო სივრცის ჰარმონიზაციასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით ძალიან დიდი სამუშაო გველის წინ“, - აღნიშნა პრემიერმა.