მიხეილ ჯანელიძე - ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით LIBE-ში თითქმის ყველა პარტიის მხარდაჭერა გვაქვს

საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით LIBE-ში თითქმის ყველა პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა აქვს. ჯანელიძის განმარტებით, დღეს LIBE-ს კომიტეტი საქართველოს საკითხს განიხილავს.

„LIBE-ს კომიტეტში ჩვენი საკითხის განხილვა ჯერ კიდევ ივლისში გაიმართა, სადაც ძალიან პოზიტიური შეფასება იყო დაფიქსირებული ჩვენი ქვეყნის მიმართ, ყველა გატარებული რეფორმის მიმართ. ასევე იმ ნაბიჯების მიმართ, რომელიც გადაიდგა მას შემდეგ, რაც რეპორტი მომზადდა საქართველოსთან მიმართებაში. ჩვენ გვაქვს პოლიტიკური მხარდაჭერა თითქმის ყველა პოლიტიკური პარტიის მხრიდან, ამიტომ ველოდებით, რომ ეს პროცესი გაგრძელდება წარმატებით და საქართველოს მოქალაქეები მიიღებენ უფლებას, ვიზიტით გაემგზავრონ ევროპაში ტურისტული ან ბიზნესის მიზნებისთვის“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში მას ჰქონდა შეხვედრები ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან და ყველა შეხვედრაზე დაფიქსირდა ერთსულოვნება იმის შესახებ, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაცია რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოს.

„ახლა მიმდინარეობს პროცედურები და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი წარმატებით დასრულდება“, - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.