საქართველოში ჩინური ინფრასტრუქტურული ტექნოლოგიები დაინერგება

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ და საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვანგ პეიანმა სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

ორმხრივ შეხვედრაზე ქვეყნის ეროვნული ჯანდაცვის სისტემა, სახელმწიფო პროგრამები, მათ შორის დედათა და ბავშვთა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები განიხილეს. ასევე, „საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციაზე „იმსჯელეს და სამოქმედო გეგმის პროექტი განიხილეს.

როგორც დავით სერგეენკომ განაცხადა, მემორანდუმი უკვე არსებული თანამშრომლობის გაფართოებას მოიცავს.

”მემორანდუმი შინაარსობრივად მოიცავს უკვე არსებული თანამშრომლობის გაფართოებას, გაფართოების ძირითადი საფუძველი არის ორი შეთანხმება, ერთი, რომელიც შედგა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ჩინეთში ვიზიტის დროს და მეორე - მთავრობათაშორისი შეთანხმება აბრეშუმის გზის, აბრეშუმის სარტყელის ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების შესახებ. ეს თანამშრომლობა, მემორანდუმი მოიცავს რამდენიმე მიმართულებას, როგორც ინფრასტრუქტურულს, ასევე კლინიკურ დარგებში სპეციალისტების გაცვლის და ასევე ჩინური ტექნოლოგიების, სამეცნიერო აღჭურვილობის და ინფრასტრუქტურული ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობებს საქართველოში“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ვანგ პეიანის განცხადებით, ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვისა და ოჯახის დაგეგმარების კომიტეტის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის ძირითადი მიზანია ქართულ მხარესთან გაცვალონ გამოცდილება.

”ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები თბილისში. ჩვენი ვიზიტის ძირითადი მიზანია, რომ ქართულ მხარესთან გავცვალოთ გამოცდილება სამედიცინო ტექნოლოგიის, სამედიცინო განათლების, დაზღვევის, მოხუცთა ჯანმრთელობის შესახებ და გავაფართოვოთ თანამშრომლობა „1 სარტყელი 1 იქსის“ პროექტის ფარგლებში. ჩინეთი და საქართველო ტრადიციულად მეგობარი ქვეყნები არიან, ჩვენს ქვეყნებს მეგობრობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია აკავშირებს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენა გვქონდეს საქართველოს ჯანდაცვის, სამედიცინო განათლების და ზოგადად ჯანდაცვის სფეროს შესახებ”, - განაცხადა ვანგ პეიანმა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული ჯანდაცვისა და ოჯახის დაგეგმარების კომიტეტის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 4 სექტემბერს დაიწყო და 7 სექტემბერს დასრულდება.