Forbes-ის რეიტინგში ბათუმი „ხავერდოვან სეზონზე“ საუკეთესო კურორტებს შორის მეხუთე ადგილზეა

Forbes-ის რუსულმა რედაქციამ ბათუმი ე.წ. „ხავერდოვან სეზონზე“ დასასვენებელ საუკეთესო კურორტებს შორის მეხუთე ადგილზე დაასახელა.

როგორც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში განაცხადეს, რეიტინგში ბათუმი ისეთი ქვეყნის კურორტებს უსწრებს, როგორებიცაა პორტუგალია, იტალია, ესპანეთი და საბერძნეთი.

სტატიაში ნათქვამია, რომ ბათუმი შავი ზღვის სწარაფად განვითარებადი კურორტია და აქ დამსვენებლებს საშუალება აქვთ საზღვაო დასვენებასთან ერთად, ქალაქისა და მის მახლობლად არსებულ ისტორიულ-ძეგლებს გაეცნონ, ამასთანავე, დაესწრონ იმ მუსიკალურ, ანიმაციურ და კინოფესტივალებს, რომლებიც ბათუმში სექტემბერში იმართება.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, რეიტინგის შედგენისას გათვალისწინებულია დასვენების ბიუჯეტი: საგზური 2 ადამიანზე: ერთკვირიანი ცხოვრება 3 და მეტი ვარსკვლავის მქონე სასტუმროში და ასევე ავიაბილეთების ღირებულება მოსკოვიდან და პირიქით. რეიტინგის შედგენისას გამოყენებულია სექტემბრის თვის საშუალო ფასები.

„ხავერდოვან სეზონზე“ დასვენებისათვის „შესანიშნავი ათეული“ ასე გამოიყურება:

1. ბაქო (აზერბაიჯანი); 2. იალტა; 3. ზელენოგრადსკი (კალინინგრადის მხარე, რუსეთი); 4. სალოუ (კატალონია, ესპანეთი); 5. ბათუმი (საქართველო); 6. კრეტა (საბერძნეთი); 7. აია-ნაპა (კვიპროსი); 8. მალიორკა (ესპანეთი); 9. სარდინია (იტალია); 10. მადეირა (პორტუგალია).