დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველო-ლიტვის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომას წარუძღვება

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დღეს, ლიტვის ეკონომიკის მინისტრს ევალდას გუსტასს შეხვდება.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, შეხვედრის დასრულების შემდეგ, დიმიტრი ქუმსიშვილი და ევალდას გუსტასი, როგორც საქართველო-ლიტვის მთავრობათაშორისი კომისიის თანათავმჯდომარეები, აღნიშნული კომისიის მეორე სესიას წარუძღვებიან. კომისიაში წარმოდგენილი არიან საქართველოსა და ლიტვის სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები.

კომისიის ფარგლებში, კომისიის წევრები გაცვლიან ინფორმაციას ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით. მხარეები ასევე განიხილავენ თანამშრომლობის პერსპექტივებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა და ინვესტიციები, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, ჯანმრთელობის დაცვა, კულტურა და ა.შ.