სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე შესაძლოა დავით კირვალიძე დაბრუნდეს

სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე შესაძლოა უწყების ყოფილი ხელმძღვანელი, დავით კირვალიძე დაბრუნდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.

არხის ცნობით, კირვალიძეს სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უკვე შესთავაზა, თუმცა თავად კირვალიძე, რომელიც ამჟამად საქართველოში არ იმყოფება, აღნიშნულზე ჯერჯერობით კონკრეტულ კომენტარს არ აკეთებს.

„კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით ამ ეტაპზე. თბილისში არ ვარ. რომ დაბრუნდები, დეტალებზე მერე ვისაუბროთ. ახლა არ შემიძლია კონკრეტულად რამის თქმა. როცა თბილისში ვიქნები, მერე იქნება შესაძლებელი დეტალურად ვისაუბროთ, რა იყო და როგორ“, - განაცხადა კირვალიძემ „იმედთან“ საუბრისას და კითხვაზე, მიიღო თუ არა შეთავაზება პრემიერ კვირიკაშვილისგან, კვლავ აღნიშნა, რომ ვერაფერს იტყვის.

ამასთან, ტელეკომპანიის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურ გიორგი კვირიკაშვილს სოფლის მეურნეობის სამინისტროში დავით კირვალიძის დაბრუნება ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა შესთავაზა, რასაც თავად ივანიშვილიც ადასტურებს.

„კირვალიძე საერთოდ ჩემი ფავორიტი მინისტრი იყო. კარგად ავხსენი მედიასთან შეხვედრაზე, როგორ არ დავინდე, როცა კითხვის ნიშნები გაჩნდა რომ შეიძლება სამინისტროში ყოფილიყო სამართალდარღვევა. კირვალიძის ბრალეულობა არ დამტკიცდა და დღესაც ის ჩემთვის ძალიან საპატივცემულო პაროვნებაა. მქონდა გიორგი კვირიკაშვილთან საუბარი, რომ კარგი იქნება, თუ ახალ გუნდში კირვალიძეს დააბრუნებ-მეთქი“, - განუცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებს.

დავით კირვალიძე „ქართული ოცნების“ მთავრობის პირველი მინისტრი იყო, რომელმაც თანამდებობა დატოვა. ამის მიზეზი სოფლის მეურნეობის სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსნის დაკავება გახდა, რომლებიც შესაძლოა კორუფციულ გარიგებაში ყოფილიყვნენ ჩართულნი, თუმცა გამოძიებით მათი კორუფციაში მონაწილეობა არ დადასტურდა.

სოფლის მეურნეობის მოქმედმა მინისტრმა ოთარ დანელიამ თანამდებობა რამდენიმე დღეში უნდა დატოვოს. დანელია არჩევნებში იყრის კენჭს.