რუსული კომპანიები, რომლებიც საქართველოში კანონს არღვევენ

რუსული კაპიტალი ქართულ ბიზნესში საკმაოდ დიდი მოცულობით არის წარმოდგენილი.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ ამ საკითხთან დაკავშირებით კვლევა გასულ წელს წარმოადგინა. კვლევის მიხედვით, ელექტროენერგია ის სფეროა, სადაც რუსული და რუსეთის მოქალაქეების მიერ დაფუძნებული კომპანიები ყველაზე ფართოდ არიან წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე. უმეტესწილად მათ ქმედებებში კანონდარღვევა არ იკვეთება, თუმცა ქვეყანაში უკვე შემოსულია რიგი კომპანიებისა, რომელთაც ჩვენს ქვეყანაში მოღვაწეობის პარალელურად, ან ახლო წარსულში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე აქვთ კომერციული ინტერესები ან თავიანთი მოქმედებით არღვევენ კანონს ოკუპაციის შესახებ.

,,ბიზნესპრესნიუსი“ ამ შემთხვევაში სამ რუსულ კომპანიას, მათ შორის ,,როსნეფტს,“ "გაზგრუპსა“ და ბაზარზე ხმაურითა და უცნაურად დაბალი ტარიფებით შემოსულ ,,იანდექს ტაქსის“ განიხილავს.

2014 წლის 29 დეკემბერს ცნობილი გახდა რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია ,,როსნეფტის“ მიერ ,,პეტროკასის“ 49%-იანი წილის შეძენის შესახებ. ,,პეტროკასი“ ფოთის პორტში ორ ნავთობტერმინალს ფლობს. ასევე ცნობილია, რომ ,,როსნეფტი“, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ, დასავლეთის ეკონომიკური სანქციებს ადრესატი გახდა, 2009 წლიდან ნავთობისა და ბუნებრივი გაზის მოპოვების მიზნით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე შავი ზღვის შელფს საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით ამუშავებს.

ოკუპირებული ტერიტორიების კანონის შესაბამისად, თუკი ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ამ შემთხვევაში აფხაზეთში, ნებისმიერი სუბიექტი ეწევა საქმიანობას, რომლის ნებართვაც არ აქვს საქართველოს მთავრობისგან, ეს არის კანონდარღვევა, რომელიც დასჯადია და ექვემდებარება სანქცირებას, მათ შორის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.

,,როსნეფტის“ ბიზნესინტერესების საქართველოში შემოსვლისთანავე, უამრავი კითხვის ნიშანი გაჩნდა, თუმცა მთავრობის მხრიდან ამ კითხვებს პასუხი არ გასცემია. როგორც ექსპერტი გია ხუხაშვილი ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ამბობს, უნდა ჩატარდეს კვალიფიციური მოკვლევა შესაბამისი სამსახურების მხრიდან, იმისთვის რომ დადგინდეს კანონდარღვევა.

,,როდესაც საუბარია აფხაზეთის ტერიტორიაზე ოპერირებასა თუ აფხაზეთის მიმდებარე შელფში საძიებო სამუშაოებზე და შემდეგ უკვე ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოსვლაზე, ბუნებრივია, ამასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები ჩნდება. მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ,,როსნეფტი“ საქმიანობდა იმ არიალში, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება არ აკონტროლებდა. ჩვენ რა მექანიზმები გვაქვს?! იმ შემთხვევაში, თუ ასეთი კომპანია დაიწყებს ეკონომიკურ აქტიურობას ჩვენს მიერ კონტროლირებად იურისდიქციაში, შეგვიძლია მივიღოთ და გავატაროთ სანქციები. ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როცა სანქცირების საკითხი უნდა დამდგარიყო დღის წესრიგში. შესაბამისად, აქ უნდა ჩატარებულიყო სერიოზული ექსპერტიზა. მე კატეგორიული ვერ ვიქნები, მაქვს ეჭვები, მაგრამ ეს ეჭვები არ არის საკმარისი იმისათვის, რომ საბოლოო დასკვნა გამოვიტანოთ. თუ კომპანია ოპერირებდა აფხაზეთში ისე, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან არ იყო შეთანხმებული, მე ვფიქრობ, რომ ეს სანქცირების პირდაპირი საფუძველია“, - აღნიშნავს გია ხუხაშვილი.

მეორე რუსული კომპანია, რომელიც ,,როსნეფტის“ მსგავსად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ოპერირების შემდეგ ჩვენს ქვეყანაში შემოვიდა ,,გაზგრუპია.“ ეს არის კომპანია, რომელიც სატრანსპორტო საშუალებებს აწარმოებს. მათ შორის ე. წ გაზელი, ვოლგა სატვირთო, სამგზავრო და სხვა ტიპის. როგორც ცნობილია, ,,გაზგრუპს“ აქვს წარმომადგენლობა დეფაქტო აფხაზეთსა და ოსეთშიც. ვინაიდან, სანქციები არც ამ კომპანიის წინააღმდეგ არ ამოქმედებულა, არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ ეჭვი, რომ მას სამთავრობო უწყებები ლობირებენ.

,,ეკო ტრანსპორტ ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ გაზჯგუფის ოფიციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში ,,სტრადა ავტომ“ პრეზენტაცია ჯერ კიდევ 2014 წელს გამართა, სადაც გამოთქვა მზადყოფნა ტენდერებში მონაწილეობის მიღებისათვის. ურუშაძის ინფორმაციით, ამ პრეზენტაციას მთავრობის წევრებიც ესწრებოდნენ.

,,მათ შემოყვანილი ჰყავდათ სპეციალური ტექნიკა. ეს გახლავთ სამაშველო, სასწრაფო, დასუფთავების და სხვა. კომპანიის საქართველოში შემოსვლა ჩვენ მაშინვე გავაპროტესტეთ რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი, ეს არის კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. გაზჯგუფი ემსახურება დეფაქტო აფხაზეთის მთავრობასა და ოსეთის მთავრობას. ამავდროულად, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში გახსნილი აქვს საკუთარი ოფისები. ეს კომპანია კომერციულ საქმიანობას ეწევა ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და არღვევენ კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. შესაბამისად, უნდა იქნეს ჩვენს მიერ სანქცირებული. სანქცირების ნაცვლად კი მთავრობამ მათ პრეზენტაციას ტაში დაუკრა,“-აღნიშნავს ვასო ურუშაძე.

მისივე ინფორმაციით, რამდენიმე კვირის წინ, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ეკო ტრანსპორტ ცენტრისთვის", ცნობილი გახდა, რომ თბილისში ბათუმსა და თელავში მუნიციპალიტეტების უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი შპს-ების ავტოპარკი ბოლო ორი წლის განმავლობაში, აღნიშნული კომპანიის რუსული წარმოების სატრანსპორტო საშუალებებით ივსება.

,,ეს არის გაზჯგუფის მიერ წარმოებული სატრანსპორტო საშუალებები. სპეციალური ტექნიკა. ტვირთების გადამზიდავი თუ სხვა საშუალებები, რომლებიც შეძენილია საქართველოში გაზჯგუფის ოფიციალური წარმომადგენლის ,,სტრადა ავტოს“ მიერ. შესაბამისად, ის განცხადებები რომ საქართველოს მთავარობა არ აპირებდა რუსული სპეცტექნიკის შეძენას, იყო ტყუილი“, - აცხადებს ვასო ურუშაძე.

რაც შეეხება ,,იანდექს ტაქსს,“ რუსულმა კომპანიამ თბილისში ტაქსებით მომსახურების სერვისი 23 აგვისტოს დაიწყო. ბელორუსის, ყაზახეთის, რუსეთისა და სომხეთის შემდეგ, საქართველო მეხუთე ქვეყანაა, სადაც რუსული კომპანიის აპლიკაცია ჩაეშვა. იანდექს ტაქსის ქართულ ბაზარზე შემოსვლამ საზოგადოების ნაწილი გააღიზიანა. პროტესტი მოჰყვა იმას, რომ კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს რუკა აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშე იყო წარმოდგენილი, რითაც კომპანია ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონს არღვევდა. იანდექს ტაქსი ქართულ ბაზარზე ოპერირებას აგრძელებს, კომპანიამ პირველ დღეებში დაშვებული ,,შეცდომა“ გამოასწორა. ხოლო დაარღვია თუ არა თავისი ქმედებით ,,იანდექსმა“ კანონი, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ეს ამ ეტაპზე შესწავლის საგანია.

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარეს, დავით მესხიშვილს კი ,,იანდექს ტაქსის“ მიზნებში ეჭვი ეპარება და არ გამორიცხავს, რომ ოკუპანტი ქვეყნის კომპანიას საქართველოში საქმიანობის სულ სხვა, თუნდაც აგენტის როლი ჰქონდეს.

,,ეს კომპანია აფხაზეთსა და ოსეთსაც ემსახურება, რაც ცალსახად არღვევს ოკუპაციის შესახებ კანონს და ეს ჩვენმა მთავრობამ უნდა იცოდეს“, - აღნიშნავს მესხიშვილი.

მესხიშვილი მიიჩნევს, რომ ამ კომპანიამ საქართველოს ბაზარი, რომელიც ისედაც გაჯერებულია მსგავსი სერვისებით, უნდა დატოვოს.

ქრისტინე გამთენაძე