ქართველი მილიონერების ხელში ეროვნული ქონების 45%-ია

რუსეთში სიმდიდრე ყველაზე არათანაბრადაა გადანაწილებული.

იქ ქონების 88%-ს მილიარდერები და მილიონერები ფლობენ. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ყველაზე თანასწორები იაპონელები არიან, სადაც მილიონერები ქვეყნის საერთო სიმდიდრის 22%-ს აკონტროლებენ. საქართველოში კი ქონების გადანაწილებასთან დაკავშირებით ოფიციალური მონაცემები არ არსებობს. ექსპერტული გათვლებით კი, უკვე გადანაწილებული ქონების მიხედვით, მილიონერები ქონების 40-45%-ს ფლობენ.

ქონების გადანაწილებასთან დაკავშირებით სპეციალური კვლევის შედეგები საკონსალტინგო კომპანია "ნიუ უორლდ ველსმა" რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. რუსეთი პირველ ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, სადაც კეთილდღეობის უთანაბრობის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია. დოკუმენტის მიხედვით, სიმდიდრის 62% რუსეთში მილიონერებს ეკუთვნის, ხოლო 26% - მილიარდერებს.

"თუკი მლიონერები ქვეყნის სიმდიდრის 50%-ზე მეტს აკონტროლებენ, სრულფასოვანი საშუალო კლასისთვის ძალიან ცოტა ადგილი რჩება", - აღნიშნავენ კომპანიის ანალიტიკოსები.

ამავე ორგანიზაციის მონაცემებით, ყველაზე თანაბრად კეთილდღეობა იაპონიაშია გადანაწილებული, სადაც მილიონერები ქვეყნის საერთო სიმდიდრის მხოლოდ 22%-ს ფლობენ, ხოლო აშშ-ში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 1/3-ია.

რაც შეეხება საქართველოს, ის ამ კვლევაში არ მოხვდა, შესაბამისად, როგორ აფასებს "ნიუ უორლდ ველსი" ჩვენთან კეთილდღეობის მაჩვენებელს, უცნობია.

სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ადასტურებს, რომ საქართველოში ამ მიმართულებით ოფიციალური კვლევა არ წარმოებს. მისი თქმით, როდესაც სიმდიდრესა და კეთილდღეობაზე ვსაუბრობთ, იქ ორი კატეგორია უნდა გავარჩიოთ - "ნაკადების" და "მარაგების".

"ნაკადები" - ესაა შემოსავლების ფორმირება და აქ ბევრ ქვეყანას საქართველოსთან ბადალი არ ჰყავს. ჩვენთან საგრძნობლად მაღალია დიფერენცირება მდიდრებსა და ღარიბებს შორის. ფულადი ფორმით ყველაზე მაღალშემოსავლიანი 10%-ის საშუალო შემოსავალი, ყველაზე დაბალშემოსავლიან 10%-ის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, 18-20-ჯერ მეტია.

რაც შეეხება "მარაგებს", ეს საკმაოდ რთულად საანგარიშო კომპონენტია. საქართველო ოფიციალურად არ ახორციელებს ქვეყნის ეროვნული სიმდიდრისა და მისი ელემენტების სისტემატურ შეფასებას. ეს 90-იანი წლების ბოლოს გააკეთა სტატისტიკის სამსახურმა, მას შემდეგ არაფერი გაკეთებულა. გარკვეული გაანგარიშება მკვლევარების მიერ ხდება, თუმცა ერთიანი საერთო კანონიზირებული მაჩვენებელი, თუ რამდენია საქართველოს მთლიანი ეროვნული სიმდიდრე, არ გვაქვს. ბუნებრივია, თუ არ მოგვეპოვება მთლიანი შეფასება, იმის თქმა, თუ მოსახლეობის რა ნაწილი ფლობს სიმდიდრის ამა თუ იმ ნაწილს, საკმაოდ რთულია", - განაცხადა სოსო არჩვაძემ.

როგორც წესი, სიმდიდრის მოცულობა არის გაცილებით მაღალი, ვიდრე შემოსავლების. პირობითად, თუ შემოსავალოი არის 100 ერთეული, ქონების მოცულობა შეიძლება იყოს 1000-1500 ერთეული და ა. შ. "ამიტომ ქონების გადანაწილების მაჩვენებელი უფრო საინტერესოა, როგორც წმინდა ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური კუთხით. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში საქართველოსთან მიმართებით რაიმე კონკრეტული მაჩვენებლის დასახელება რთულია", - ამბობს არჩვაძე.

როგორც ცნობილია, სახელმწიფო ქონების დიდი ნაწილის პრივატიზება დიდი ხნის წინ მოხდა და დღეს ქონების გარკვეული ნაწილი უკვე კერძო საკუთრებაშია. მიუხედავად ამისა, სახელმწიფოს ხელში მაინც საკმაოდ დიდი ქონება რჩება, ეს არის ეროვნული სიმდიდრის ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტები, როგორიცაა მიწა, ადამიანთა მატერიალური შრომით შექმნილი დოვლათის გარკვეული ნაწილი, რამდენიმე ასეული საწარმო თავისი აქტივებით და ა. შ.

ამიტომ ის, რაც კერძო საკუთრებაში გადავიდა, არ ასახავს მთლიანად ეროვნულ სიმდიდრეს, ნაწილი ისევ რჩება სახელმწიფოს საკუთრებაში და ფორმალურად, მათზე წვდომა საზოგაოების ყველა წევრს თანაბარი აქვს. გავითვალისწინოთ ისიც, რომ 2003 წლის შემდეგ მაშინდელმა ხელისუფლებამ მოახდინა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სიმბოლურ ფასად ან უფასოდ გადაცემა. ასეთი ბევრი შემთხვევა იყო. თუ ამ მომენტსაც მივიღებთ მხედველობაში, უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩვენთან საკმაოდ მაღალია სიმდიდრის დიფერენცირება და ეს უფრო არასამართლიანია, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" სოსო არჩვაძემ.

მისი გათვლებით, უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოში ყველაზე მაღალშემოსავლიანი, ყველაზე მდიდარი მოსახლეობის 10% უკვე გადანაწილებული ქონების 40-45%-ს ფლობს.

"რაც შეეხება საშუალო კლასს, ჩვენთან მისი ფორმირების პერსპექტივა არსებობს, მაგრამ ჯერჯერობით ის სტანდარტი, რასაც დასავლეთი და მოწინავე საბაზრო ეკონომიკის ქვეყნები თვლიან საშუალო კლასისთვის, ჩვენთან საკმაოდ მოკრძალებულია. ამიტომ ვემორჩილებით ჩვენს ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს და საშუალო ფენას ვაკუთვნებთ იმ სოციალურ ჯგუფს, ვისი შემოსავლებიც დაახლოებით 3-ჯერ აღემატება საარსებო მინიმუმს", - დასძინა არჩვაძემ.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, დღეს საარსებო მინიმუმი არის 156,6 ლარი, შესაბამისად, გამოდის, რომ ის ადამიანი, ვისი შემოსავალიც დაახლოებით 570 ლარს შეადგენს, საშუალო ფენას განეკუთვნება. რამდენად შეესაბამება ეს რეალობას, მეორე საკითხია, მთავარი ისაა, რომ 570-ლარიანი შემოსავალი საშუალო ფენისთვის საკმაოდ ცოტაა.

რაც შეეხება ქართველ მდიდრებს. მსოფლიოში რამდენიმე ათეული მილიარდერი და მილიონერი ქართველია, თუმცა მათი სიმდიდრის განაწილება საქართველოს რეალობაში ვერ მოხდება, რამდენადაც ქონება აქ არ აქვთ.

სხვადასხვა კვლევის მიხედვით, მდიდარი ქართველების სიის სათავეშია ბიძინა ივანიშვილი 5-7 მლრდ დოლარი (სხვადასხვა მონაცემებით), ტარიელ ვასაძე - 5 მლრდ დოლარი, ნიკოლოზ გოგიტიძე - 4 მლრდ დოლარი, დავით იაკობაშვილი - 2,7 მლრდ დოლარი, თენგიზ ხასაია - 2,5 მლრდ დოლარი, ზურაბ წერეთელი - 2 მლრდ დოლარი და ა. შ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, თითქმის არცერთს ქონება საქართველოში არ აქვს ნაშოვნი.

ელზა წიკლაური

გაზეთი "რეზონანსი"