გერმანული Bayer სასუქის მწარმოებელ ამერიკულ კომპანიას 65 მილიარდ დოლარად ყიდულობს

გერმანული კონცერნი „ბაიერი“ სასუქის მწარმოებელი ამერიკული კომპანია „მონსანტოს“ შეძენას გეგმავს.

„ბლუმბერგის“ ცნობით, გერმანული კონცერნი „მონსანტოს“ ერთი აქციის სანაცვლოდ 127.50 დოლარს იხდის და მზად არის, ამერიკული კომპანია 65 მილიარდ დოლარად შეიძინოს.

მაისში „მონსანტომ“ „ფინანსურად არაადექვატური“ უწოდა გერმანული კონცერნის შეთავაზებას, რომელიც ერთი აქციის სანაცვლოდ 122 დოლარს იხდიდა. ივლისში „ბაიერმა“ ერთი აქციაში „მონსანტოს“ 125 დოლარი შესთავაზა, თუმცა კვლავ უარი მიიღო.

ამერიკული კომპანია „მონსანტო“ 1901 წელს დაარსდა და მსოფლიოს ლიდერი კომპანიაა ბიოტექნოლოგიური მცენარეების წარმოებაში. კომპანიის ძირითადი პროდუქცია სოიოსა და სიმინდის გენმოდიფიცირებული თესლებია. 2015 წელს „მონსანტოს“ მოგებამ 15 მილიარდი დოლარი შეადგინა, საბაზრო კაპიტალიზაციამ კი 45,8 მილიარდი დოლარი.

გერმანული ქიმიური და ფარმაცევტული კონცერნი „ბაიერი“ 1863 წელს დაფუძნდა. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში კომპანიის წმინდა მოგებამ 1,38 მილიარდი ევრო შეადგინა, საბაზრო კაპიტალიზაციამ - 79,5 მილიარდი ევრო.