დიმიტრი ქუმსიშვილი - "იანდექს ტაქსისთან" დაკავშირებით საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე პირველადი მოკვლევა ჩატარებულია

"იანდექს ტაქსის" საქართველოში ოპერირების კანონიერებასთან დაკავშირებით საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე პირველადი მოკვლევა ჩატარებულია.

ამის შესახებ საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

"მე ხელთ მაქვს უკვე პირველადი მოკვლევის საბუთები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შეიძლება გაკეთებულიყო. არის გასაკეთებელი მოკვლევა ჩვენს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზეც და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი საბოლოო დასკვნის გაკეთება", – განაცხადა ქუმსიშვილმა.

რუსული კომპანია “იანდექს ტაქსის” ქართულ ბაზარზე 23 აგვისტოს შემოვიდა, რასაც საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტი მოჰყვა, გამომდინარე იქიდან, რომ “იანდექსის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს რუკა აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშეა დატანილი და შესაბამისად, კომპანია “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონს” არღვევს. თავად „იანდექს ტაქსის“ წარმომადგენლობა ამ ბრალდებას უარყოფს.