გიორგი კვირიკაშვილი - არ არსებობს სპეკულირების საფუძველი „გაზპრომთან“ ურთიერთობის დამყარების შესახებ

საქართველოსთვის გაზის მთავარი მომწოდებელი არის კომპანია ”სოკარი” , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო კონფერენციაზე კომპანია „გაზპრომთან“ დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, საქართველოს განსაკუთრებული და კარგი ურთიერთობები აქვს აზერბაიჯანთან, მათ შორის ენერგოსექტორში.

მისივე თქმით, არსებობს სამხრეთ-კავკასიის გაზსადენი, რომელიც კიდევ უფრო ფართოვდება და 2018 წლიდან დამატებითი სიმძლავრეები იქნება მოწოდებული.

მისივე თქმით, საქართველოსთვის გაზის მთავარი მომწოდებელი არის კომპანია „სოკარი“, რომელიც აზერბაიჯანის მთავრობის მფლობელობაშია. გარდა ამისა, როგორც პრემიერმა აღნიშნა, არსებობს გაზსადენი, რომლითაც სომხეთს რუსეთიდან მიეწოდება გაზი და საქართველო იღებს გატარებული გაზის 10%-ს, როგორც ტრანზიტის მოსაკრებელს. თუმცა პრემიერმა იქვე დასძინა, რომ საქართველოსთვის გაზის მთავარი მომწოდებელი არის აზერბაიჯანი. გარდა ამისა, გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა იმაზე, რომ საქართველო მდიდარია ენერგორესურსებით. დაგეგმილია ჰესების მშენებლობა. მისივე თქმით, საქართველოს შეუძლია მიაღწიოს სტაბილურ ენერგეტიკულ ბალანსს, რაც აუცილებელია სამომავლო ეკონომიკური განვითარებისთვის.

”ჩვენ გავაგრძელებთ აზერბაიჯანთან ამ ურთიერთობას. არ არსებობს სპეკულირების საფუძველი „გაზპრომთან“ ურთიერთობის დამყარების შესახებ, რადგან გვაქვს კარგი ურთიერთობები „სოკართან“. ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომ ურთიერთობები შევინარჩუნოთ, რადგანაც ჩვენ, როგორც წარსულში ვნახეთ, „გაზპრომის“ გაზი ბევრჯერ იქნა გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.