რეგიონის ქვეყნები  ტყეში გავრცელებული პარაზიტების წინააღმდეგ საბრძოლველად ერთიანდებიან

ევროპისა და ცენტრალური აზიის 29 ქვეყანა, საქართველოს ჩათვლით, მინსკში გამართული ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში ტყის საშიში პარაზიტის შესახებ იმსჯელებენ.

აზიური გრძელრქიანი ხოჭო შავი ფერის არის,  აქვს ლაქებიანი ტანი და გრძელი, ზებრასავით ზოლიანი საცეცები. ამ პატარა მწერს დამანგრეველი შედეგების მოტანა შეუძლია. ის კლავს ხეებს, ანადგურებს ტყეებს და, გარდა ამისა, აზიანებს ხის სამშენებლო მასალებს.

საერთაშორისო შეხვედრას, რომელიც დღეს მინსკში გაიხსნება, ევროპისა და ცენტრალური აზიის 29 ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრება, მათ შორისაა საქართველოს წარმომადგენელიც. დელეგატები ტყის საშიში პარაზიტის შესახებ იმსჯელებენ. ღონისძიების ორგანიზება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) ითავა და მისი მასპინძელია ბელორუსის სატყეო მეურნეობის სამინისტრო.

„ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ საფრთხის გამო, რომელიც ხეებს და ტყეებს კლიმატის ცვლილების გამო ემუქრებათ“, - განაცხადა FAO-ს სატყეო მეურნეობის ოფიცერმა ნორბერტ უინკლერ-რატონიმ. „ტემპერატურის მომატება მსოფლიოში იწვევს ახალი, საშიში მწერებისა და დაავადებების გამრავლებას.“

მინსკში ორდღიანი შეხვედრის მიზანია გადაწყვეტილების მიმღებთა და ექსპერტთა ქსელის შექმნა ცენტრალური აზიისა და ევროპის მასშტაბით. ამგვარი გაერთიანებები უკვე წარმატებულად მუშაობენ მსოფლიოში და ისინი სხვადასხვა სახის ღონისძიებებს ახორციელებენ: ავრცელებენ ინფორმაციას და ზრდიან ინფორმირებულობას ტყის საშიში პარაზიტების შესახებ, ქმნიან საინფორმაციო ბაზებს პარაზიტების გავრცელების შესახებ, საფრთხეების შესახებ ინფორმაციის ორგანიზებულ მიმოცვლას ახორციელებენ ქვეყნებს შორის, აძლიერებენ ქვეყნების შესაძლებლობებს, რომ ებრძოლონ პარაზიტებს და ხელისუფლებებს აწვდიან ყოვლისმომცველ ინფორმაციას ზემოთ აღნიშნული საფრთხეების შესახებ, რომ ქვეყნებმა დროული გადაწყვეტილებები მიიღონ.